მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზღვაში დაძველებული ქართული ღვინო - ბიზნესმენი წყალქვეშა ფერმის მოწყობისთვის 300 000 ევროს ინვესტიციას ეძებს

61b36d0cc0e61
მარიამ იზორია
10.12.21 20:40
2144
პირველი ზღვაში დაძველებული ქართული ღვინო რქაწითელის ნიჟარებიანი ამფორა $160-ად გაიყიდა, მყიდველი უცხოელია. ამის შესახებ bm.ge-ს მეწარმე დავით ნიკოლეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს მიმართულება საქართველოში განვითარებული არ არის, თუმცა საერთაშორისო მეღვინეობა განსაკუთრებით კი ევროპა, ზღვაში თუ ოკეანეში ღვინის დაძველების მეთოდს უკვე მრავალი წელია იყენებს.

პროფესიით ზღვის ეკოლოგი, საქმიანობას ჯერჯერობით ბიზნესპარტნიორთან ერთად ექსპერიმენტის დონეზე ეწევა და ამ დროისთვის კვარიათში 30 მეტრ სიღრმეზე ამფორებში მოთავსებული დაახლოებით 110 ლიტრი სხვადასხვა სახეობის ღვინო აქვს ჩაშვებული. სამომავლოდ მეწარმეს მოცულობის გაზრდა სურს, თუმცა ამისთვის ინვესტორს ეძებს, რომელიც წყალქვეშა ფერმის მოწყობისთვის 300 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ფერმერმა ისიც აღნიშნა, რომ დახმარება სოფლის მეურნეობის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროსაც სთხოვა, თუმცა მათგან დაინტერესება არ ყოფილა.

“ღვინო წყალქვეშ ბევრად უფრო მალე ძველდება, ვიდრე ტრადიციულ მარნებში, თუმცა ეს რთული პროცესია, ღვინო უბრალოდ წყალქვეშ ჩაიტანო არ კმარა, უმნიშვნელოვანესია ცოდნა და შესაბამისი ადგილის პოვნა. ჩვენმა ამბავმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, გვირეკავდნენ უბრალო ადამიანები, მედიის წარმომადგენლები, თუმცა ერთი ზარი არ ყოფილა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ეკონომიკის სამინისტროდან.

ჯერ კიდევ 2015 წელს ეკონომიკის სამინისტროს წყალქვეშა პარკის გაკეთების ინიციატივით მივმართე, ვთხოვე რაღაც ტერიტორია იჯარით მაინც მოეცათ, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მქონია, იმისათვის, რომ ეს საქმე წარმოებად იქცეს 300 000 ევროს ინვესტიცია გვჭირდება. რეალურად ამ მიმართულებას დიდი პოტენციალი აქვს, წყლის ქვეშ დაძველებულ ღვინო საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადია და პროდუქტი მაღალ საფასო სეგმენტში გადის” - აღნიშნავს დავით ნიკოლეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები