მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა - მხარეები შეთანხმების ტექსტზე მუშაობას იწყებენ

სტივ უიტკოფი და აბას არაღჩი

ჟენევაში, აშშ-სა და ირანს შორის გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. როგორც ირკვევა, ომანის საკონსულოში გამართული შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა. ამერიკულ დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი წარმოადგენდა. არსებული ინფორმაციით, მხარეებმა, ომანელი შუამავლების დახმარებით, ბირთვულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შეძლეს და განიხილეს როგორც შესაძლო გარიგების სამართლებრივი, ისე ეკონომიკური დეტალებზე. არაღჩის განცხადებით, ამ შეხვედრით ირანმა და აშშ-მა შეთანხმების მიღწევისკენ სვლა დაიწყეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. როგორც ირკვევა, ქვეყნებმა არჩიეს, პოტენციური შეთანხმების ტექსტები მოამზადონ და მხოლოდ ამის შემდეგ გამართონ შეხვედრა.

მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონის მხრიდან წარსულში გადადგმული ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკა. კერძოდ, არაღჩიმ 2018 წელს აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების ცალმხრივად დატოვებას „საერთაშორისოდ აღიარებული შეთანხმების დარღვევა“ უწოდა და თქვა, რომ ამ ნაბიჯმა მულტილატერალურ ვალდებულებებსა და ქვეყნებს შორის ნდობას სერიოზული დარტყმა მიაყენა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასული წლის ივნისში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, აშშ-მა ისრაელთან ერთად ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. ქვეყნის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ არსებული ოპტიმიზმის ფონზე, საჭიროა სიფრთხილე, რადგან გადაჭრით იმის თქმა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ომი არ გაჩაღდება, შეუძლებელია.

რაც შეეხება თეირანის ოფიციალურ პოზიციას ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და ეს მათ თავდაცვის დოქტრინაში არ შედის. თუმცა, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული კვლევა და გამდიდრება სახელმწიფოს „განუყოფელი და კანონიერი უფლებაა“. ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ატმოსფერო კონსტრუქციულად შეფასდა, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პროცესების სწრაფ განვითარებას არ პროგნოზირებს. მისი თქმით, დოკუმენტის პროექტირების ეტაპზე გადასვლა პროცესს ბუნებრივად შეანელებს, რადგან წინ სერიოზული ტექნიკური დეტალების შეთანხმებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები