მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგ შემთხვევაში, საქართველოს პროგრესი ზედაპირულს ჰგავს - კალიურანდი EU-ის 12 პუნქტზე

6487658ae24d2
თამთა ჯიჯავაძე
12.06.23 22:42
602
ევროპარლამენტარი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) გასულ კვირას გამართულ სხდომას აჯამებს და საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ შეფასებას აქვეყნებს.

კალიურანდი შეფასების დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში, პროგრესი ზედაპირულსა და არაერთგვაროვანს ჰგავს და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ჩანს გულწრფელი ნების არარსებობა, რათა მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩართონ.

„ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დეპოლარიზაციის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანონ და საკანონმდებლო საქმიანობაში კონსტრუქციულად ჩაერთონ.

ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში ყველა დროის რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა.

შესაძლებლობების ფანჯარა არ უნდა დაიკარგოს.

ახლა საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიის საერთო პასუხისმგებლობაა, რომ გვერდზე გადადონ ერთმანეთს შორის განსხვავებები და მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებების აღსრულების მიზნით ერთად გულწრფელად იმუშაონ“, - აღნიშნულია მარინა კალიურანდის განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ საქართველომ უნდა გააუმჯობესოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან თავსებადობა. „ამ კუთხით, საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს პირდაპირი ფრენების აღდგენამ გააჩინა კითხვები, ვინაიდან ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკაშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტეს უკრაინაში განხორციელებული აგრესიული ომის გამო“, - აღნიშნულია მარინა კალიურანდის განცხადებაში.

ევროპარლამენტის თქმითვე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სიფხიზლისკენ, რათა საქართველოს ტერიტორია რუსული კომპანიების მიერ სანქციების გვერდის ავლის საშუალებად არ იქნას გამოყენებული.

„რაც შეეხება წარსულის გაუგებრობებსა და არასწორ კომუნიკაციებს, რამაც კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ორივე მხარე შეარბილებს ოფიციალურ ტონს, არ დაივიწყებენ, რომ რუსული იმპერიალიზმი, რომელიც მათი საერთო მტერია, საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა განხეთქილებას“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააორმაგონ ძალისხმევა ისეთი პრიორიტეტების შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება. "ამასთანავე, ხაზი გავუსვით, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო სისტემას, ანტიკორუფციასა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს, მათ შორის, ლგბტქი+ ადამიანებს“, - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები