მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგადი განათლება 9-ის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება - კანონპროექტი

სკოლა

2025-2026 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საფეხური ერთი წლით გაიზრდება და 10 წლით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები შედის „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ პარლამენტში წარადგინა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პარლამენტისთვის მიწერილ წერილში განმარტავს, ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა და გაძლიერდება მათი დაცვის მექანიზმები.

„არსებული მონაცემებით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზო საფეხურის ერთი წლით გაზრდა და ოთხწლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება სავალდებულოა განათლების ფორმატში, რაც შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან (მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური მოიცავს 4 წელს, ირლანდიაში საბაზო განათლება გრძელდება 3-დან 6 წლამდე, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება 10 წელს გრძელდება). შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12- წლიანი რჩება.

კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე ამჟამად არსებული რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები