ისტერიკაშია ოთხივე ოპოზიციური პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას შეეხებოდა, კობახიძემ ასე უპასუხა:
"ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს] აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად, წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს. ეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა და სისხლის სამართლის დანაშაულიც კია მოსამართლეზე ზეწოლა. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი დანაშაულია. როდესაც, პრეზიდენტად წოდებული აანონსებს საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლას. სალომე ზურაბიშვილმა იცის რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს და ყველა წითელ ხაზს გადადის", - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ის, რომ პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში მის მისვლას პოსტით გამოეხმაურა მძიმე ემოციური ფონის შედეგია.
„უკვე მეოთხე მცდელობა აქვთ ამ ოთხი წლის განმავლობაში. სამი ჩაუვარდათ, არავითარი შანსი არ აქვთ, რომ გამოუვიდეთ მეოთხე მცდელობა. ეს არის ერთგვარი ისტერიკა. ისტერიკაშია ოთხივე პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი. დღეს სასაცილო იყო ეს ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო. ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს. ეს ყველაფერი არის ისტერიკის გამოხატულება, მაგრამ რაც შეეხება ე.წ ბულინგს, ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.