მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა“ - "წყალი მარგებელი"

60aced8f60e06
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 16:42
883
„მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „წყალი მარგებელი“ გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ამ დროისთვის დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა და ქარხანამ მუშაობა განაახლა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაფიცული იყო 70 თანამშრომელი. BM.GE კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„წყალი მარგებლის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება.

25 წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი სირთულე გადალახა, რაც თანამშრომლებს შორის არსებული ოჯახური გარემოს დამსახურებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომპანიის შიგნით საერთო ენის გამონახვას საერთო ინტერესების მისაღწევად. ამჯერადაც, ყოველგვარი მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. ჩვენ მომავალშიც ასეთი ერთიანი გუნდით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, რათა ჩოხატაურში აშენებულმა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ქარხანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეროვნული ინდუსტრიის განვითარების საქმეში.

სს წყალი მარგებლის დირექტორი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა პირადად შეხვედროდა თანამშრომლებს, "ნაბეღლავის" ქარხანაში ჩასვლას უახლოეს დღეებში აპირებს, სადაც თითოეულ მათგანს შეხვდება. კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს. დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს ნდობისთვის, ასევე, ჩვენს მომხმარებელსა და საზოგადოებას გვერდში დგომისა და მოთმინებისთვის“, - წერია „წყალი მარგებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება „მარგებელი ჰოლდინგის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადში“ მიმდინარე გაფიცვას, ჰოლდინგში BM.GE-ის განუმარტეს, რომ  თანამშრომლებთან მოლაპარაკებები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, „მარგებელი ჰოლდინგის“ კომპანიებში გაფიცვა 20 მაისს სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლების პროტესტით დაიწყო, რასაც მოგვიანებით გურიაში „წყალი მარგებელის“ ქარხნის დასაქმებულები შეუერთდნენ. გაფიცულები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.