მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"150 დეპუტატი ზედმეტია… ასიც საკმარისია" - როგორ აფასებს ბიზნესმენი მიმდინარე აქციებს

5de21a8f6ec91
თელარა გელანტია
30.11.19 13:25
1757
„რასავ ვუყურებ, საკმაოდ მძიმე საყურებელია. ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ერთიან პოლიტიკურ ხედვებზე შეჯერებულიყო საზოგადოება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყვნენ”, - ასე აფასებს bm.ge-ისთან ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონ-პროექტის ჩაგდებას მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მოწვევის პარლამენტში თავად მაჟორიტარული სიით მოხვდა, ცეზარ ჩოჩელი ფიქრობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის უკეთესია და ამის არგუმენტად მაჟორიტარებზე შექმნილი მცდარი მოლოდინებიც მოჰყავს.

„თვითონ მაჟორიტარული სისტემის გაგება ანუ რაც არის და რაც უნდა იყოს, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენია, რომ მაჟორიტარი უნდა იყოს დაკავებული რაიონის პრობლემატიკით, რაც აცდენილია რეალობას, რადგან მაჟორიტარი უნდა იყოს დაკავებული, ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობით. ასეთი მოლოდინები თუ წარმოდგენები მაჟორიტარებზე დროთა განმავლობაში შეიქმნა, რადგან ყველა ხელისუფლება ცდილობდა, რომ რაიონებში ჰყოლოდათ გავლენიანი წარმომადგენლები, რომლებსაც გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა ამომრჩეველზე... მთლიანობაში კი, საპარლამენტო მუშაობას რომ დავაკვირდეთ და ნებისმიერი მოწვევის პარლამენტი რომ ავიღოთ, დაწყებული 90-იანი წლებიდან, საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული რამდენიმე ათეული დეპუტატი, დანარჩენი კი, ფაქტობრივად, დარბაზის შემავსებელია. ვფიქრობ, 150 დეპუტატიც ზედმეტია იმხელა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ, ასიც საკმარისია. რაც შეეხება მაჟორიტარების უმრავლესობას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მათ ალბათ ჰგონიათ, რომ ისევ ისე იოლი ფორმით მოხვდებიან პარლამენტში, რაც, ვფიქრობ, ასე არ იქნება“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

ბიზნესმენს არც იმის სჯერა, რომ მაჟორიტარებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

„ეს მაჟორიტარი დეპუტატები ვერც მაშინ, როცა პარლამენტარები გახდნენ და ვერც დღეს ვერ არიან დამოუკიდებლები“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.