მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს მთავრობა რეკორდული - 7.2 მლრდ ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს

5ed4fa473a838
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.20 17:18
3016
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეკორდული მოცულობის 7,2 მილიარდი ლარის საგარეო ვალდებულების აღებას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ “ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების” (BDD) დოკუმენტში არის საუბარი. შედარებისთვის, 2019 წელს საქართველო 1,386 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალი აიღო.

BDD-ის მიხედვით, 2020 წელს მთავრობა 1,120 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო ვალს დაფარავს და 7,198 მილიარდი ლარის ($2.2 მილიარდი არსებული კურსით) ახალი ვალის აღებას გეგმავს, შესაბამისად, ვალის წმინდა ზრდა 6,078 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობა მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანი ოდენობის საგარეო ვალდებულებების აღებას გეგმავს. კერძოდ 2021 წელს ახალი ვალის აღება 3.4 მილიარდი ლარი, 2022 წელს კი 2.1 მილიარდი ლარი იქნება.

ვალის აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდულ საგარეო დაფინანსებაზე მეტია.

BDD დოკუმენტის მიხედვით, ჯამურად, 2020 წელს აღებული ახალი სახელმწიფო ვალის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.3%-ის ტოლფასი იქნება, ხოლო საგარეო ვალის წმინდა ზრდა (ახალი ვალის აღებას გამოკლებული არსებულის დაფარვა) მშპ-ის 12.1% იქნება.

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია, შესაბამისად, უცნობია ზუსტად როგორ გადანაწილდება მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო ვალდებულებები.

BDD დოკუმენტში ბიუჯეტის მხოლოდ ჯამური მოცულობის შესახებ არის ჩანაწერი, მისი მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა 14.057 მილიარდი ლარი იქნება, ეს COVID-19-ის კრიზისამდე დამტკიცებულ BDD დოკუმენტში არსებულ ჩანაწერთან, ანუ 12.378 მილიარდ ლართან მიმართებით 1.679 მილიარდი ლარით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები