საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა ვერ იწყება.
სხდომა 15:30 საათზე უნდა დაწყებულიყო და განსახილველი ერთადერთი საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები იყო: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“;
თუმცა პარლამენტში მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის წევრებს სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევენ. ისინი სასტვენებით და ბანერებით არიან შესული პარლამენტში და ამბობენ, რომ დეპუტატებს რუსული კანონის მიღების შესაძლებლობას არ მისცემენ.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.
კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.
კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.