მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის სჯერა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე - დეგნანი

645ce05132258
მარიამ ვარადაშვილი
11.05.23 16:38
835
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ რთულად დასაჯერებელია ვლადიმერ პუტინი ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნავდეს.

ასე გამოეხმაურა ელჩი რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაზე. კერძოდ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება.

“აშშ ვერ იტყვის, ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. კითხვა ჩნდება რატომ გადაწყვიტა პუტინმა საქართველოსთვის ეს ახლა გაეკეთებინა. გარწმუნებთ, არავის სჯერა იმისა, რომ ის ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე. ვნახეთ, რომ პუტინმა გამოიყენა ქვეყანაში რუსების არსებობა იქ შესაჭრელად. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ქართველს აწუხებს საქართველოში ასობით ათასი რუსი, რომელიც გასულ წელს ჩამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შედეგად.

ვფიქრობ, თუ ბატონ პუტინს სურს აჩვენოს, რომ ის ზრუნავს საქართველოზე, გაიყვანდა რუს სამხედროებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ასევე შეასრულებდა 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გადახედავდა ამ რეგიონების დამოუკიდებლობლად ცნობის გადაწყვეტილებას",-განაცხადა ელჩმა.

დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია იმის მუდმივად გახსენება, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა. “უცნაურია მიესალმო ჟესტს რეჟიმისგან, სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც იმას აკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა",-განაცხადა დეგნანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები