მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა რიცხვებში - მიმოხილვა

61fd33dc29839
თელარა გელანტია
04.02.22 19:30
1301
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საქონლით სავაჭრო ბრუნვას ძირითადად მზარდი ტენდენცია აქვს. საქსტატის 2021 წლის ანგარიშში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია.

ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იმპორტი აჭარბებდა ექსპორტს.



საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის დონეს 5.7%-ით აღემატება.

2021 წელს საქართველომ აშშ-ში ექსპორტზე 194,6 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 143.2%-ით აღემატება. 2020 წელს აშშ-ში ექსპორტი $80 მილიონი იყო.

Bm.ge-მ საქსტატიდან იმ TOP-10 საქონლის სია გამოითხოვა, რომელიც აშშ-ში ექსპორტზე გადის. აღსანიშნია, რომ თითქმის 200 მლნ დოლარის ექსპორტში საქართველოდან ამერიკაში ექსპორტირებული ფეროშენადნობებზე მოდის 172.3 მლნ დოლარი.

TOP-10 პროდუქტი, რომლებიც საქართველომ 2021 წელს აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა:

1. ფეროშენადნობები ($172,3 მლნ)
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები ($4,9 მლნ)
3. მინერალური და მტკნარი წყლები ($2,4 მლნ)
4. საფრენი აპარატების ნაწილები ($2,1 მლნ)
5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები ($1,9 მლნ)
6. მსუბუქი ავტომობილები ($1,3 მლნ)
7. ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე ($1,2 მლნ)
8. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან ($1,2 მლნ)
9. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები ($1.1 მლნ)
10. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები ($0,9 მლნ).

რაც შეეხება იმპორტს, შარშან აშშ-ში იმპორტისთვის საქართველოდან 625,3 მლნ დოლარი გავიდა. 2020 წელს იმპორტი იყო 555,9 მლნ დოლარი იყო ანუ ზრდა 12.5%-ია.

TOP-10 პროდუქტი, რომლებიც საქართველომ 2021 წელს აშშ-ში იყიდა:

1. მსუბუქი ავტომობილები ($538,8 მლნ)
2. სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები ($11,5 მლნ);
3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული ($5 მლნ)
4. ხორბალი და მესლინი ($4,6 მლნ)
5. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა ($3,6 მლნ)
6. მანქანები ელექტრული და აპარატურა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ფუნქციები ($3,5 მლნ)
7. თხილი და სხვა კაკალი ($3,4 მლნ)
8. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ($3,3 მლნ)
9. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ($2,9 მლნ)
10. სატვირთო ავტომობილები ($2,6 მლნ).

აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმოხილვისას, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ტენდენციასაც დავაკვირდით. 2016 წლიდან 2021 წლის სამი კვარტლის ჩათვლით, ტრენდს თუ შევხედავთ, ყველაზე მეტი FDI ამერიკიდან 2019 წელს შემოვიდა - თითქმის 116 მილიონი დოლარი და ტენდენცია იყო მცირედით, მაგრამ მზარდი, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი ამერიკული FDI ხორციელდება, ბოლო ხუთი წლის ტენდენციით, დარგები საკმაოდ ჭრელია, მაგრამ ამერიკული ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი მაინც უძრავი ქონებაა, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა, თუმცა გვხვდება სხვა სექტორებიც, მათ შორისაა სოფლის მეურნეობაც.



BMG-მ საქსტატიდან ასევე გამოითხოვა 2010 წლიდან დღემდე საქართველოში აშშ-ის მონაწილეობით რეგისტრირებული მოქმედი ბიზნეს სუბიექტების სტატისტიკა, როგორც ერთგვარი ინდიკატორი ამერიკული კომპანიების ინტერესის საქართველოს მისამართით. საქსტატის მიხედვით, დღეისთვის ჯამში, სულ 300-მდე ამერიკული კომპანიაა მოქმედი საქართველოში. რაც შეეხება წლების მიხედვით რეგისტრირებული ახალი ბიზნესსუბიექტების რაოდენობას და ასევე, მათგან რამდენია მოქმედი, სტატისტიკა აჩვენებს, ხშირად 3-ჯერ და 4-ჯერაც ნაკლები კომპანიაა მოქმედი მათგან, ვინც წლიურად რეგისტრირდება.



ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი ინდიკატორია ტურიზმიც. აღსანიშნია, რომ 2017 წლიდან აშშ-დან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი მზარდია და პიკს მიაღწია 2019 წელს. შემდეგ უკვე პანდემიურ წელს ჩაიკეტა მსოფლიო, რაც მკვეთრად დაეტყო ვიზიტორების სტატისტიკას ზოგადადა და, რა თქმა უნდა, ამერიკის ჭრილშიც. 2021 წელს სულ 20 000-მდე ვიზიტორი ეწვია საქართველოს ამერიკიდან და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აშშ Top-15 ქვეყნის რეიტინგის ბოლოშია, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი გვესტუმრა შარშან.



შენიშვნა: ამ პუბლიკაციის/სტატიის/რეპორტაჟის (აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა რიცხვებში - მიმოხილვა ) მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტისა და Internews Georgia-ს მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ავტორის მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები