„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. დეპუტატი აღნიშნულის მიზეზად ორნიშნა ინფლაციას ასახელებს და აცხადებს, რომ ფაქტია, ეროვნული ბანკი სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.
განცხადება ბადრი ჯაფარიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა,სადაც სადაც კობა გვენეტაძემ დეპუტატებს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა.
„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის მიზანია, სტაბილური, დაბალი ინფლაცია, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი დასაქმება. სებ-ის საქმიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ართმევს ის თავს ძირითად ამოცანებს.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ ართმევს თავს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის შესრულებას, რადგან ქვეყანაში გვაქვს კატასტროფული ინფლაცია; მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო გაიზარდა პროცენტებიც. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომ სებ-ი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ძირითად ამოცანას. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. თუ ვერ ასრულებს ამოცანებს, რა აზრი აქვს მის დარჩენას პოსტზე?!“, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო. სებ-ის შეფასებით, ორნიშნა ინფლაციაში საგარეო ფაქტორების წვლილი 9 პროცენტული პუნქტია. აღსანიშნია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა.




























