მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტის არალეგიტიმურობას ადასტურებს" - როგორ აფასებს ოპოზიცია ეუთო/ოდირის დასკვნას?

opozicia

26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ახალი არჩევნებია საჭირო. ამის შესახებ პარტიებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც დასკვნა შეაფასეს.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამგვარი ნეგატიური დასკვნა საქართველოში არცერთ არჩევნებზე ყოფილა და პირდაპირ ადასტურებს, რომ ასეთი არჩევნებით მიღებული შედეგები, შესაბამისად, არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ერთადერთი გამოსავალი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

"იქიდან გამომდინარე, რაც ამ დოკუმენტში წერია, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. ყველა ელემენტში და კომპონენტში, რომელიც შედის საარჩევნო პროცესში, ეუთო/ოდირის მიერ არის აღრიცხული უამრავი სერიოზული დარღვევა, ეს შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უამრავი შეტყობინება იყო ამომრჩეველზე ძალდატანების, იძულების თაობაზე, განსაკუთრებით ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და საჯარო მოხელეები. არცერთი საჩივარი, რომელიც საარჩევნო დღემდე იყო შეტანილი, არ იქნა არსებითად განხილული, არც საარჩევნო კომისიას და არც სასამართლოს მიერ",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მძიმე დასკვნებია, რაც აჩვენებს, რომ პროცესი დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამებოდა.

"ეუთო/ოდირის დასკვნა ძალიან მკაფიოა და არ სჭირდება მაღალი ინტელექტი, ზუსტად წავიკითხოთ , თუ რა წერია ამ დასკვნაში. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ყველაზე მაღალი ინსტანციაა საარჩევნო აუდიტის თვალსაზრისით, ამ დასკვნით იხელმძღვანელებს ალბათ ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თუ სახელმწიფო, რომელიც კიდევ ერთხელ შეაფასებს ამ არჩევნებს, თუმცა ეს შეფასებები დიდი ხანია ვიცით.

კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რა ტიპის დარღვევები იყო. ყველა ნაწილში, რაც მთლიანობაში შეადგენს დემოკრატიული, საერთაშორისო სტანდარტის მქონე არჩევნების სურათს, ყველა მიმართულებით მძიმე დასკვნებია. თანასწორობის ნაწილში ყველაფერი დარღვეული იყო ხელისუფლების სასარგებლოდ. რაც მთავარია, ფარულობა - ამ ნაწილში ხაზგასმულია, რომ ვიდეო კონტროლისა და სხვა კონტროლის საშუალებებით, ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ხმა მიეცათ შიშის, შურისძიებისა და დასჯის შიშის გარეშე",- განაცხადა გიგი წერეთელმა და დასძინა, რომ ეს დასკვნა ამყარებს საზოგადოების მოთხოვნებს ახალი არჩევნების შესახებ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს დასკვნა მნიშვნელოვანია, რადგან ამის შემდეგ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდება და სანქციებით თუ სხვა სახის მხარდაჭერა გაცილებით მკაცრი იქნება.

"მოკლედ რომ შევაჯამოთ, დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, რომ შეექმნა ანტურაჟი, თითქოს 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდებოდა არჩევნები, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოში რაც ხდებოდა 26 ოქტომბრამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ხდება, ამას შესაძლოა ეწოდოს ნებისმიერი რამე გარდა არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესისა.

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არაა და ამ ვირეშმაკობას არავინ არ ჭამს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ერთადერთი ამაზე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო, ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ისევე, როგორც ჩამოეფშვნებათ პროპაგანდის მეორე ხაზი, რომ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპი მოვა და რაღაცები დალაგდება. არაფერი ეგეთი არ მოხდება",- განაცხადა ჯაფარიძემ და მადლობა გადაუხადა პროევროპული პროტესტის მონაწილეებს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის" შეფასებით, ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას.

"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების პრინციპს;
  • საარჩევნო დარღვევებზე დავის გადაწყვეტის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა.

ანგარიში ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკომ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა.

ანგარიში პირდაპირ აკავშირებს არჩევნებთან, ქვეყანაში მიმდინარე მასიურ საპროტესტო აქციებს, და ხაზს უსვამს აქციების ძალადობრივად დაშლისა და მომიტინგეთა დაპატიმრების ფაქტებს. ასევე, ანგარიში საუბრობს აქციების მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართ სისასტიკე მოპყრობაზე.

ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში“,- აცხადებენ პარტიაში.

ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირმა კრიტიკულ დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაა: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები