მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მაღაროელების პროტესტი გრძელდება - რას გეგმავენ „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულები?

64915a918405d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.23 12:00
661
ჭიათურის მაღაროელების პროტესტი დღეის მდგომარეობით ორ ლოკაციაზე - ჭიათურასა და თბილისში გრძელდება. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე BM.GE-სთან აცხადებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულების საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მათ ბოლო მოთხოვნასაც არ დააკმაყოფილებს და მაღაროელებს შრომის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ხელფასებს 20%-ით არ გაუზრდის.

თბილისში საპროტესტო აქციის 40-მდე მონაწილემ პარლამენტის წინ ღამე პირველად გაათენეს და დღეს აქციის განახლებას 16 საათიდან გეგმავენ, რა დროსაც მსვლელობით „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისთან გადაინაცვლებენ. ადგილზე გაკეთდება განცხადებები, ხოლო შემდეგ აქცია 18 საათიდან კვლავ პარლამენტის წინ გადმოვა.

აღსანიშნია, რომ მაღაროელთა საპროტესტო მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა და დასაქმებულთა 14 მოთხოვნიდან, 13-ის შესასრულებლად კომპანია მზაობას გამოთქვამს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას პროტესტის მონაწილეებისთვის ხელფასების მატება წარმოადგენს, რაც პირველადი მოთხოვნით 40%-ს შეადგენდა, დღეისთვის კი მაღაროელები ხელფასის 20%-ით გაზრდას ითხოვენ. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელფასის 15%-იანი მატება $10 მლნ-ის წლიურ ხარჯს ნიშნავს, რაც შეჩერებული ექსპორტისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეუძლებელია. ამავე დროს კომპანია პირველ ეტაპზე დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას ჰპირდება, რაზეც პროტესტის მონაწილეები არ თანხმდებიან.

„ჩვენი ეს პროტესტი ჭიათურის მაღაროში იმ არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა გამოიწვია, რომელშიც წლების განმავლობაში გვიწევს მუშაობა. გასაგებია, რომ გარკვეულ დათმობებზე კომპანია წავიდა და არის შემოთავაზებები და დაპირებები, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ 2019 წლიდან დღემდე გვაქვს დაყენებული, შესრულდება. ჩვენი მოთხოვნაა ასევე სახელფასო მატება ინფლაციიდან გამომდინარე და ცოტა მეტიც. ეს ერთი საკითხი რჩება გადაუწყვეტელი. კომპანია ყოველწლიურად წუწუნებს იმაზე, რომ წაგებაზე მიდის და კოტრდება და ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცხო არ არის. ჩვენ ვერ ვხედავთ კომპანიისგან შესაბამის ნაბიჯებს იმისას, რომ გაკოტრება თავიდან აიცილონ“, - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.

მაღაროელი აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან დათმობის საპასუხოდ პროტესტის მონაწილეებმაც დათმეს თავისი მოთხოვნა და 40%-ის ნაცვლად ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ, რაც მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ საკითხის მოგვარებაში კი „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის მაღაროს დასაქმებულები მთავრობის ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევენ.

„მთავრობის დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩადგებიან ჩვენ შორის და სახელფასო მოთხოვნის ნაწილში პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებიან. კომპანიის მხრიდან შემოთავაზებულმა 5%-ით ხელფასის ზრდის წინადადებამ ჭიათურელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და რამდენიმემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, როგორიც იყო ვენების გადაჭრა და თვალების ამოკერვა. ჩვენ მიერ გაჟღერებული 20%-იანი ხელფასის მატების შეთავაზება არის ის ნორმა, რომლის ქვემოთ ვერ წამოვალთ. ძირითადი ბირთვი არის ჭიათურაში, ჩვენ კი ის გუნდი ვართ, რომლებიც ჩვენი პრობლემები თბილისამდე ჩამოვიტანეთ და გვინდა ახლოდან გავაცნოთ მთავრობას. არ გვაქვს იმის იმედი, რომ კომპანია ამ საკითხთან მიმართებით დათმობაზე წავა და ჩვენი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. იმედი გვაქვს, მთავრობამ გამოიჩენს შუამდგომლობას და კომპანიას დათმობებზე წამოიყვანს.

მაღაროელები ჭიათურაში მე-9 დღეა შიმშილობენ და გვინდა ეს საკითხები, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს, თუმცა არა ისე, რომ ჩვენ დავთმოთ ის, რასაც ვითხოვთ“, - უთხრა ტარიელ მიქაცაძემ BM.GE-ს.

მაღაროელის თქმით, მთავრობის წევრების მხრიდან არანაირი გამოხმაურება ჯერჯერობით არ ჰქონიათ და ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და შესაბამისად სამუშაო პროცესის აღდგენას, რაც შეიძლება სწრაფად ითხოვენ.

„დაკმაყოფილდეს ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა, აღდგეს სამუშაო პროცესი, ჩაატარონ შემდეგ აუდიტი და თუ რაიმე გამოვლინდება, რომ ჩვენი დანაშაული იქნება ჩვენ ვაგებთ ამაზე პასუხს, თუ კომპანიაა ამაზე პასუხისმგებელი, მათ უნდა აგონ პასუხი. ჩვენ გვინდა შრომა სამართლიანი პირობებითა და შესაბამისი ანაზღაურებით“, - განაცხადა მიქაცაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:

1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცესთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცესთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცესთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

ცნობისთვის, 13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები