მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან საქართველოში წიწიბურას 25 კონტეინერი მოდის - იმპორტიორი

5e94355f3361e
ელენე გოგბერაშვილი
13.04.20 14:07
6288
მას შემდეგ, რაც რუსეთმა და ევრაზიული კავშირის ქვეყნებმა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე რიგი პროდუქტების ექსპორტი დროებით აკრძალეს, ამ ბაზრებზე დამოკიდებული ქართველი იმპორტიორები მარცვლეულ პროდუქტებს სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე შეიძენენ.

როგორც ცნობილია, აკრძალული საქონლის ჩამონათვალშია ბრინჯი, წიწიბურა, ხახვი, ნიორი და სხვა მარცვლეული და ბურღულეული.

წიწიბურას იმპორტის ნაწილში საქართველო განსაკუთრებით რუსეთზე და ევრაზიული კავშირის ქვეყნებზე იყო დამოკიდებული. „საქსტატის“ მონაცემებით, წიწიბურას იმპორტში ამ ქვეყნების წილი 68%-ს შეადგენს. გასულ წელს ამ ქვეყნებიდან საქართველოში 186, 719 დოლარის ღირებულების წიწიბურას იმპორტი განხორციელდა.

ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელი გურამ ბროძელი ამბობს, რომ რუსეთიდან და ევრაზიული ქვეყნებიდან იმპორტის შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში წიწიბურას მარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება, რადგან იმპორტიორების უმეტესობა დროულად გადაეწყო სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე. ამ პირობებში ალტერნატივა კი, ჩინეთია, საიდანაც უკვე მოემართება წიწიბურათი დატვირთილი 25 კონტეინერი.

„შეკვეთა მიცემულიც გვაქვს, მოდის კიდევაც, ამიტომ პრობლემა არ იქნება, შეგვიძლია დავაწყნაროთ ხალხი. დღეს ჩინეთია ალტერატიული ბაზარი. ჩვენ იქამდეც დავიწყეთ პარტნიორობა ამ ქვეყანასთან და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. უკვე გამოსულია 15 კონტეინერი ჩვენს კომპანიაზე, მე რა ინფორმაციაც მაქვს, კიდევ 10 კონტეინერი გამოსულია. ეს, დაახლოებით, 2 თვის მარაგია საქართველოსთვის, ამიტომ პრობლემა არ იქნება, უბრალოდ, სანამ ეს პროდუქცია ჩამოვა, ახლა არის წყვეტა“, - აცხადებს გურაბ ბროძელი.

მისი თქმით, სავაჭრო ქსელების მარაგები მაქსიმუმ თვენახევარში შეივსება.

რაც შეეხება ფასებს, როგორც იმპორტიორი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, პროდუქციაზე ფასები 20%-ით გაზარდა, ტრანსპორტირება ძვირი არ დაჯდება და დახლებზეც იგივე ფასად გაიყიდება პროდუქტი, როგორც დღეს არის.

„ყველასთვის ორიენტირი გახდა ჩინეთი. შესაძლებელია, თუ დაინახა ჩინეთმა, რომ მარაგების კუთხით პრობლემა დადგება მის წინაშეც, შეიძლება თვითონაც ჩაკეტოს იმპორტი, თუმცა ივნის- ივლისში ახალი მოსავალიც იქნება და თანდათან გამოსწორდება ეს პრობლემა. უბრალოდ, ფასი 20%-ით აწია ჩინეთმა, რადგან მოთხოვნა გაეზარდა მასაც. მთელი მსოფლიო მიაწყდა არამხოლოდ წიწიბურაზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც“, - განმარტავს იმპორტიორი.

კითხვაზე, საქართველოს რა ალტერნატივა აქვთ ჩინეთის გარდა, ბროძელი პასუხობს: „ჩინეთის გარდა გვაქვს ალტერნატივად უკრაინა, უბრალოდ, იქ უფრო ძვირია და უკრაინა ვერ აკმაყოფილებს თავის ბაზარს, ამიტომ იქიდან წამოღებას აზრი არ აქვს. თანაც უკრაინასაც ჩაკეტილი აქვს იმპორტი“.

სანამ საქართველოში წიწიბურას ახალი პარტია შემოვა, იმპორტიორი ვარაუდობს, რომ ქსელებში წიწიბურა გაძვირდება.

„ახლა ძვირდება, რადგან არ არის ბაზარზე და დეფიციტის დროს ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე, თუმცა მალე პრობლემა მარაგების კუთხით არ იქნება. მერე რუსეთიც გაიხსნება. შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს“ - აცხადებს ბროძელი.

შეგახსენებთ, 12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) არაერთი სასურსათო პროდუქტის ექსპორტირება აიკრძალა. ეკონომიკური შეზღუდვები დაწესდა წიწიბურის, ბრინჯის, ხახვის და ნივრის, მზესუმზირის თესლის, სოიოს ნაწარმისა და სხვა პროდუქტების ექსპორტირებაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები