ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები შეაფასა და განაცხადა, რომ საგარეო ვაჭრობაში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ექსპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებლები იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკაც ასეთივე ზრდის ტემპით გაიზრდება. ამის შესახებ მან საქართველოს მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპორტის დონე 2019 წლის მაჩვენებლებზეა შენარჩუნებული.
„2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს. ექსპორტმა მაისში 340 მლნ დოლარს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ იანვარ-მაისში ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა და ვინაიდან 2020 წელი ძალიან მძიმე იყო, იმისთვის, რომ ჩვენი პროგრესი ეკონომიკაში შევაჯამოთ, მას 2019 წელს ვადარებთ. ამიტომ 2019 წლის მაისთან შედარებით, ექსპორტი თითქმის იგივე დონეზეა და არ შემცირებულა. 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით, ბოლო 10 წელიწადში რეკორდული წელიწადი იყო და 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი წარმოებული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის მაისი დონეზე გვაქვს, ხოლო წინა წლის მაისთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი 45%-იანი ზრდაა. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თითოეული ასეთი მონაცემი, გვაძლევს იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღემდე დაფიქსირდა გაგრძელდება და სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ - არა, 6.5%-6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც დავასრულებთ, რაც მართლაც დიდი ნახტომია და ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიით 2020 წელს მიყენებულ ზიანს მთლიანად გავანულებთ. ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ჩვენი ეკონომიკის ზრდის კომპონენტში, მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა მთლიანად მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2%-ით გაიზარდა და 5 მლრდ დოლარი შეადგინა. საქართველომ ექსპორტით 1.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 24.4%-ით აღემატება.