მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფაზის ოილისთვის” ყულევში 2012 წელს 1 ლარად მიყიდულ მიწაზე, სადაც კარბამიდის ქარხანა უნდა აშენებულიყო, ჯერ არაფერია - აუდიტი

61a10eb742737
თამთა ჯიჯავაძე
26.11.21 20:40
1737
„ფაზის ოილისთვის“ ყულევში 2012 წელს 1 ლარად მიყიდულ მიწაზე, სადაც კარბამიდის ქარხანა უნდა აშენებულიყო, ჯერ არაფერია. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, შპს „ფაზის ოილისთვის“ ყულევში 1 ლარად მიყიდული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2017 წლის 26 ივნისისთვის ინვესტორს უნდა აეშენებინა კარბამიდის მწარმოებელი ქარხანა და ექსპლუატაციაში გაეშვა, საინვესტიციო ვალდებულების მოცულობა 100 მლნ დოლარი იყო, თუმცა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კარბამიდის საწარმოს ნაცვლად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შექმნა განისაზღვრა. განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა გაიზარდა 20 მლნ დოლარით, ხოლო მშენებლობის დასრულების თარიღი 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

მიუხედავად ამისა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ინვესტორს შესრულებული არ ჰქონდა ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა და მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენდა 1,289,500 ლარს.

როგორც აუდიტი აღნიშნავს, კარბამიდის საწარმოს ნაცვლად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ვალდებულების განსაზღვრა მასშტაბური ცვლილებაა, რაც ინვესტორის მხრიდან დაგეგმვითი სამუშაოების ხელახალ შესრულებას, დამატებით დროს და რესურსებს საჭიროებდა, მშენებლობის ვადა კი მხოლოდ 6 თვით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაიზარდა, რაც მიუთითებს ვადების გადაწევის ფორმალურ ხასიათზე.

„აღნიშნულის დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 2 აგვისტოს წერილით ინვესტორის მიერ მოთხოვნილია, ქარხნის მშენებლობის და ექსპლოატაციაში მიღების ვადის მორიგი გადაწევა 2024 წლის 1 ივლისამდე, 2019 წლის 1 ოქტომბრის წერილით კი − 2026 წლის 1 იანვრამდე“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

შესაბამისად, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული თარიღი პირველ შემთხვევაში გადავადდა 6 თვით, მეორე შემთხვევაში კი − 6 წლით. გადავადების პერიოდებს შორის არსებული მნიშვნელოვანი გადახრა, შესაძლებელია, განპირობებული იყოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, სააგენტოს მხრიდან რელევანტური ინფორმაციის ფლობის ნაკლოვანებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები