მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი: APM დუმს. რას ამბობს ეკონომიკის სამინისტრო?

6346e1cd84571
თელარა გელანტია
12.10.22 23:00
1504
აშენდება თუ არა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი ანუ აქვს თუ არა „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მმართველ კომპანია APM TERMINALS POT-ს პორტის გაფართოების სურვილი, რაშიც 250-დან 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის ჩადება ჰქონდა გაცხადებული - BMG ამ კითხვებზე პასუხების მიღებას რამდენიმეა თვეა ცდილობს, მაგრამ ინვესტორი კომპანია, ჯერჯერობით, დუმილს არჩევს.

რამდენიმე კვირის წინ კი, ეკონომიკის მინისტრმა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ APM-თან, ფაქტობრივად, ყველა პირობა შეთანხმებულია და ახლა ინვესტორის გადასაწყვეტია რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

“APM-თან ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია. ფაქტობრივად ყველა პირობა შევათანხმეთ და ვფიქრობ, რომ ეს დეტალები რომლებიც ფოთის პორტს აინტერესებდა, მათ სასარგებლოდაც რეალურად, არის გადაწყვეტილი. ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერაა, რათა ფოთის პორტმა დაინტერესების შემთხვევაში, გაფართოება მოახერხოს. ასე რომ ვფიქრობ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ხელშემშლელი არაფერია. ესაა ინვესტორის გადაწყვეტილება რამდენ ინვესტიციას გააკეთებს,” - თქვა ლევან დავითაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა აინტერესებდა ფოთის პორტის მმართველ კომპანიას და რა მხარდაჭერა აღმოუჩინა სახელმწიფომ.

საქმე ის არის, რომ APM TERMINALS-მა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 351,056 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემა სთხოვა, მაგრამ მაშინ სახელმწიფოსგან უარი მიიღო. ამის შემდეგ APM იწყებს იმ ეტაპების გავლას, რაც საჭიროა, პორტის მშენებლობისთვის. კერძოდ, ვიდრე პორტის ფიზიკური მშენებლობა დაიწყება, სამი მთავარი სტადიაა - პირველი არის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, მეორე - პროექტის შეთანხმება და მესამე - უშუალოდ მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, 2019 წელს APM-მმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით და მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან საჭირო ნებართვა მიიღო კიდეც, მაგრამ ძალიან მალევე ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმა; მიზეზად ხარვეზები დასახელდა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ APM-მა 2020 წელს კიდევ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და იმავე წლის 26 მარტს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან ეს ნებართვა მიიღო.

თუმცა როგორც BMG-მ გაარკვია, მიწის ნაკვეთები, რომლის გადაცემასაც APM-ი ჯერ კიდევ 2018 წელს ითხოვდა, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაა. ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ არსებით საკითხებთან დაკავშირებით, ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებები გრძელდება. რას მოიცავს არსებითი საკითხები - ამის გაგებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან შევეცადეთ.

„დღეს შემდეგ ეტაპზე ვართ - APM კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს აწარმოებს, რათა დაიწყოს <პორტის> მშენებლობა. ჩემი ინფორმაციით, სულ ახლახან გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოამზადეს და შესაბამისად, ველოდებით, რომ შემდეგ ნაბიჯებსაც გადადგამს და მათ მიერ ფოთის პორტის გაფართოების, მშენებლობის ინიცირება მოხდება“, - თქვა BMG-სთან გურამ გურამიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პორტის სამშენებლო ნებართვის მიღების პირველი სტადია მიწის ფლობას არ საჭიროებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ფოთის პორტის გაფართოების საკითხზე კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- APM-მმა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსგან ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ითხოვა მიწების გადაცემა; რატომ მთავრობამ ამ დრომდე აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყვიტა?

- მგონი, კითხვის ფორმულირება არაა სწორი. მთავრობა ყოველთვის მზად იყო ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის და დღესაც არის მზაობა... არის საგარეო ეკონომიკური ფაქტორები, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება პანდემიას დავაბრალოთ და ზოგადად, ეკონომიკურ რეალობებს და ამის გათვალისწინებით, შეიძლება იყო რაღაც ინტერესების ცვლილება ინვესტორის მხრიდანაც და შეიძლება, სხვა გარემობებით. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ მთავრობამ ვერ გადაწყვიტა <მიწის გადაცემის საკითხი>. მე ვთვლი, რომ პირიქით, მთავრობა მზად არის და როგორც კი იქნება ნაბიჯი კერძო კომპანიისგან, ამ შემთხვევაში გაფართოებაზე, შემდეგი ნაბიჯები გვექნება.

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას APM Terminals-მა, რომ პორტის გაფართოების პროცესები დაიძრას?

- სურვილი, განაცხადი, რომ მშენებლობას იწყებენ...

- და ამის შემდეგ დაიწყება მიწის გადაცემის პროცედურები?

- დიახ, რა თქმა უნდა.

- ანუ რა გამოდის, რომ APM ამ პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ არ იყო აქტიური?

- რაც APM Terminals-სს ეხება, შეგიძლიათ, თავად APM-ს ჰკითხოთ. რაც მთავრობას და ეკონომიკის სამინისტროს ეხება, შეგიძლიათ, მე მკითხოთ.

როგორც კი „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მმართველი კომპანია APM Terminals-ი BMG-ს კითხვებს უპასუხებს, მათ პოზიციას მაშინვე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის: 2020 წლის ნოემბერში მთავრობამ ფოთის პორტის ახალი ტერმინალის კონტრაქტის მოსამზადებლად 1.2 მლნ ლარად იურისტები დაიქირავა.

"ფოთის პორტი" ახალი ტერმინალის პროექტის დასრულებას 2024 წლისთვის გეგმავს - რას წერს APM Termnals Poti 2021 წლის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები