საპარლამენტო არჩევნებამდე 3 სამუშაო დღით ადრე "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი საარჩევნო პროგრამა გაასაჯაროვა. დოკუმენტში მსხვილ სატრანსპორტო პროექტებზე არის საუბარი, მათ შორის ფოთში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე, ბათუმის პორტის განვითარებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებაზე. თუმცა, მმართველი პარტიის პროგრამაში არაა დაკონკრეტებული, თუ როდის იგეგმება ანაკლიასთან დაკავშირებით ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.
საპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ "ქართული ოცნების" პროგრამაში წერია:
"სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, იგეგმება ფოთში APM ტერმინალის გაფართოება და Pace Group-ის ახალი ტერმინალის მშენებლობა (პროექტი დაწყებულია - აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა);
ასევე, მიმდინარეობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა (აშშ-ის კორპორაცია TRAMO GROUP-ის ინვესტიცია);
სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა ანაკლიის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას,"- ნათქვამია ოცნების საარჩევნო პროგრამაში.
გუშინ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გააკეთა განცხადება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავრობის მიერ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ფოთის პორტის გარშემო გაკეთებული განცხადებები მიანიშნებენ იმაზე, რომ მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ზურგი შეაქციეს და ახლა ფოთის პორტს უჭერენ მხარს, რაც მთავრობის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება. ამასთან, განცხადებაში საუბარია იმ სავარაუდო ბიზნეს ინტერესების შესახებ, რაც მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს ფოთის პორტთან მიმართებით აქვთ.
ამასთანავე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მთავრობა მიუთითებს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავის გამო, არსებობს რისკი, რომ ანაკლიის პორტზე გამოსაცხადებელი ტენდერი ჩაიშალოს.
“შესაძლო რისკები - არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი,"- ნათქვამია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში.