მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასური წესდება

647434a31463d
თათია ჩაფიჩაძე
29.05.23 09:19
3670
საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. ამის შესახებ bm.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მარცვლეულის, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაუმჯობესებას ხელი შევუწყოთ. ამ მხრივ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით, რომ ხორბლის წარმოება 60%-ით გაგვეზარდა. წელსაც ველოდებით, რომ ზრდის დინამიკა შენარჩუნებული იქნება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური, რაც წისქვილკომბინატების მუშაობას კონკურენტუნარიანს გახდის. მთავარი ამოცანა არის, რომ პურზე ფასები შენარჩუნდეს. ყველას მხარესთან შეჯერებული გვაქვს ეს პოზიციები", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.

"მინდა ყველა დავამშვიდო, მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ პური არ გაძვირდება. ისეთი ოდენობაზეა განსაზღვრული ფქვილის ღირებულება, რომ არსებული ფასები არ გაიზარდოს", - განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

"ფქვილზე დამატებითი საფასური ხორბალს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, შესაბამისად, დაიწყება ხორბლის იმპორტი. ამუშავდება წისქვილი და ფერმერები შეძლებენ პროდუქციის - როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის გაყიდვას", - ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.

იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების თაობაზე შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მთავრობის სხდომაზე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მარცვლეულის მწარმოებელმა ფერმერებმა გასულ წელს აღებული ხორბლის ჩაუბარებელი მოსავლის შესახებ განაცხადეს და ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევის მიზნით ფერმერთა გაერთიანებაც შექმნეს. ამის პარალელურად ქვეყანაში გაჩერებული წისქვილების პრობლემაზე ხორბლის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში საუბრობდნენ. ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად მთავრობას და რუსული ფქვილის იმპორტზე ბაჟის შემოღების ინიციატივით მიმართეს, რათა წისქვილკომბინატებში ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება შესაძლებელი გამხდარიყო და იმპორტიორებისთვის ხორბლის იმპორტიც, ფქვილთან მიმართებით რენტაბელური გამხდარიყო, რამეთუ წისქვილები ადგილობრივი მარცვლეულის გადამუშავებას იმპორტირებულთან მიქსში ახერხებენ. ასოციაციები ფქვილზე ბაჟის შემოღებით, სტაბილური ფასის გარანტიას იძლეოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს დარგის გადარჩენის ეფექტური გზა იქნებოდა.

ხელისუფლება, კონკრეტულად კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე თვეების განმავლობაში მუშაობდა. პერიოდულად სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებდა, რომ მეხორბლეებს ხორბალი ჩაუბარებელი არ დარჩებათ და წისქვილებიც ამუშავდებოდნენ, თუმცა დღემდე დარგის ხელშემწყობ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები