მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადაწყვეტილება მიღებულია, 2021-დან "თელასის" და "ენერგო პროს" ტარიფი იზრდება

5feaea92d2ea2
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.20 12:25
4994
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების ზრდას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოქალაქეებისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა. ამასთანავე, ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით - 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს კი სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს. დღესვე ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ტარიფის მატებას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებს სრულად დაუსუბსიდირებს. 

სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.

სემეკის გადაწყვეტილებით, "ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 
2) თვეში 101-301 კილოვატი - 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი.

არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ახალი ტარიფები ასეთია:

"თელასის" ქსელში:

110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.

"ენერგო პროს" ქსელში:

110-35 კვ. - 28.267 თეთრი- ზრდა 13.407 თეთრი; 
10-6-3.3 კვ - 30.879 თეთრი - ზრდა 14.628 თეთრი; 
380-220 ვ - 31.960 თეთრი - ზრდა 10.877 თეთრი. 

"საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

თავად "თელასისა" და "ენერგო პროს" შეფასებით, ტარიფების მატება უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. კომპანიები პრობლემურად მიიჩნევენ ელექტროენერგიის შესყიდვის პროგნოზს, რომელიც სემეკმა მომდევნო 6 თვისთვის დაიანგარიშა. "თელასის" განცხადებით მათ ელექტროენერგიის შესყიდვაზე ფაქტობრივად მილიონობით ლარით მეტი უნდა დახარჯონ, ვიდრე ეს სემეკმა დაიანგარიშა. თავისმხრივ, სემეკის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება საპროგნოზოზე მაღალი იქნება, სემეკი ამ ხარჯის ანაზღაურების "კომპენსირების" შესაძლებლობას გრძელვადიანი ტარიფის განსაზღვრის დროს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები