მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრება, კოლაფსი და განახლება - 2022 წლის მთავარი კრიპტო სიახლეები

63aeadd41b6d8
გიორგი თოლორდავა
31.12.22 09:25
1516
2022 წელი კრიპტოინდუსტრიისთვის გამოწვევებითა და სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე კრიპტოაქტივების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 64%-ით დაეცა, უფრო კონკრეტულად, ბირჟის მოცულობა 2 ტრილიონ 200 მილიარდიდან 800 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

2022 წლის პირველ იანვარს ბიტკოინის ფასი 47,000 დოლარს შეადგენდა; ეთერიუმი კი 3,700 დოლარად ივაჭრებოდა თუმცა ამჟამად ბიტკოინის ფასი 16,500 დოლარამდეა შემცირებული, ეთერიუმი კი 1,200 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.

ბირჟის დაღმასვლა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა


Terra/Luna-მ კოლაფსი განიცადა

წლის შეჯამება აუცილებლად უნდა დავიწყოთ მოვლენით, რომელმაც ინდუსტრია კოლაფსის ნამდვილ ზღვრამდე მიიყვანა - საქმე ეხება უმსხვილესი ალგორითმული სტეილბკოინის, Terra/Luna-ს ჩამოშლას, რომელმაც ინვესტორები და ტრეიდერები დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით აზარალა.

მაისში Terra-ს სტეიბლკოინმა წონასწორობის 1-დოლარიანი წერტილი დაკარგა და კრიპტოვალუტამ ჩამოშლა დაიწყო, რასაც შემდეგ უკვე მისი მხარდამჭერი კრიპტოვალუტის, Luna-ს კოლაფსიც მოჰყვა.

Terra-ს ჩამოშლა პირდაპირ კავშირში იყო კრიპტობირჟის დაღმასვლასთან და სტეიბლკოინის განაღდებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან. გარდა ამისა, გამოძიება იმაზეც მიუთითებს, რომ სტეიბლკოინის სისტემაში გარკვეული ხარვეზი იყო, რომლის შესახებაც პროექტის დეველოპერებს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მისი გამოსწორებისთვის საჭირო ზომები მათ არ მიუღიათ.

Terra/Luna-ს დამფუძნებელ დო კვონს ამჟამად ინტერპოლი ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავს სერბეთში აფარებს. დო კვონს ბრალად ედება ფინანსური თაღლითობის ორგანიზება და კლიენტების თანხების მითვისება.

გარდა ინვესტორებისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალისა, Terra/Luna-ს კოლაფსს კრიპტო ბირჟაზე დომინოსებური ნეგატიური ეფექტიც მოჰყვა, რამაც რამდენიმე სხვა კომპანიის გაკოტრებაც გამოიწვია.


ჰეჯ-ფონდი Three Arrows Capital-ი გაკოტრდა

Terra/Luna-ს კოლაფსიდან რამდენიმე კვირაში სინგაპურში დაფუძნებულმა ჰეჯ-ფონდმა Three Arrows Capital გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.

3AC-ის კრახი $670-მილიონიან საფინანსო ვალდებულებას უკავშირდება, რომელიც ჰეჯ-ფონდმა კრიპტო და ციფრულ აქტივებში ინვესტირებისთვის გამოიყენა.

გაკოტრებული ჰეჯ-ფონდი სინგაპურში 2012 წელს დაფუძნდა, მარტის მდგომარეობით, 3AC დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებდა, თუმცა რამდენიმე თვეში მისი პორტფელის საერთო მოცულობა $1 მილიარდამდე შემცირდა, რაც ზოგადი კრიპტობირჟის დაღმასვლასთან და უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის კოლაფსთან იყო დაკავშირებული.


Voyager Digital-ი გაკოტრდა

ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ის ჩამოშლას მალევე მოჰყვა კრიპტო ბანკ Voyager Digital-ის გაკოტრებაც.

საქმე ისაა, რომ ზემოხსენებული $670-მილიონიანი სესხი, რომელზეც 3AC-მ დეფოლტი გამოაცხადა, სწორედ Voyager-ის მიერ იყო გაცემული. ამ დეფოლტმა კი Voyager Digital-ი მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა, რამაც საბოლოო ჯამში მისი გაკოტრება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ Voyager-ის ისტორია ამით არ დამთავრებულია, ამჟამად მას 1 მილიარდ დოლარად მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი ყიდულობს.

საქმე ისაა, რომ Voyager-ს 2 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, რომელიც Binance-ისა თუ სხვა ნებისმიერი კრიპტობირჟისთვის ფასდაუდებელ აქტივს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ Binance-ი მზადაა Voyager-ის ვალდებულებები გადაფაროს და მისი აქტივები გამოისყიდოს.


Celsius Network-ი გაკოტრდა

Terra/Luna-ს ჩამოშლით დაწყებული გაკოტრების ტენდენცია Voyager-ით ნამდვილად არ დასრულებულა, ივლისში გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადება მორიგ კრიპტო კომპანიას, Celsius Network-ს მოუწია, რომელიც ერთგვარი კრიპტო ბანკის ფუნქციას ასრულებდა.

მართალია, Celsius-ი ოფიციალურად გაკოტრდა, თუმცა ბაზრიდან ის საბოლოოდ ჯერაც არ გამქრალა. გასულ თვეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ Celsius-ს კლიენტებისთვის 44 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების დაბრუნება დაავალა.

მაღალი ალბათობით, სასამართლო Celsius-ს რესტრუქტურიზაციისა და საქმიანობის გაგრძელების უფლებას მისცემს, რათა კომპანიამ შემოსავლების მიღება შეძლოს და ეტაპობრივად კლიენტებს დაკარგული აქტივები დაუბრუნოს.


მაინინგ კომპანია Core Scientific-ი გაკოტრდა

კრიპტო ბირჟებისა და პლატფორმების გარდა, 2022 წელს გაკოტრების გამოცხადება მოუწიათ მაინინგ კომპანიებსაც, მათ შორის უმსხვილესი კი ტეხასში დაფუძნებული Core Scientific-ი იყო, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტული უმსხვილესი მაინინგ კომპანია იყო.

2021 წელს Core Scientific-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი მისი შეფასება 70 მილიონ დოლარამდეა შემცირებული, რაც ვარდნის 99%-იანი მაჩვენებელია.


კრიპტობირჟა FTX-მა კოლაფსი განიცადა

2022 წლის კულმინაცია რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის გაკოტრება იყო, რომელმაც ინდუსტრია კოლაფსის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.

როგორი შედეგი მოჰყვა ისეთი მასშტაბური პროექტის ჩამოშლას, როგორიც Terra/Luna იყო, ეს 2022-მა წელმა მკაფიოდ გვიჩვენა, თუმცა როგორი რეალური გავლენა ექნება FTX-ის კოლაფსს კრიპტო ინდუსტრიაზე, ამას მხოლოდ 2023 წელს გვიჩვენებს.

ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბაზრიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის აქტივები გაქრა, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ორგანიზატორი და FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბენკმენ-ფრიდი კი თავისუფალია, რომელიც დეკემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ $250 მილიონის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

FTX-ის გაკოტრება რიგი ფაქტორებით იყო განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის ფინანსების არამიზნობრივი განკარგვა და რისკის არასათანადო მენეჯმენტი იყო.

კომპანიის გაკოტრებაზე პასუხისმგებლობას სემ ბენკმენ-ფრიდი საკუთარ თავზე იღებს, თუმცა საჯაროდ აცხადებს, რომ FTX-ის არმაგედონი მისმა მთავარმა კონკურენტმა, Binance-მა დაიწყო.


აშშ-ის პროკურატურა Binance-ის საქმეს იძიებს

აღსანიშნავია, რომ Binance-ს ეჭვმიტანილად არა მარტო სემ ბენკმენ-ფრიდი, არამედ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიც მიიჩნევს. პროკურატურის განმარტებით, 2017 წლიდან მოყოლებული Binance-ი ფულის გათეთრების მრავალმილიარდიან სქემაში იყო ჩართული და, შესაძლოა, მის დამფუძნებელ ჩანგპენგ ჟაოს FTX-ის გაკოტრებაშიც მიძღოდეს ბრალი.

უახლოეს მომავალში პროკურატურა Binance-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოშიც გეგმავს, ამ ცნობების გავრცელების ფონზე კი, სულ უფრო მეტად იზრდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელთაც კრიპტობირჟიდან საკუთარი აქტივების გატანა სურთ. მაგალითად, დეკემბრის ორ კვირაში მომხმარებლებმა Binance-იდან თითქმის 10 მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს. მიუხედავად ამისა, ჩანგპენგ ჟაო ამტკიცებს, რომ კომპანიას საკმარისზე მეტი ლიკვიდურობა აქვს და მას შეფერხებების გარეშე შეუძლია კლიენტების მომსახურება.


ეთერიუმის ისტორიული განახლება წარმატებით შედგა

2022 წელი მხოლოდ კოლაფსებით არ იყო გამორჩეული, გასულ 12 თვეში კრიპტო ინდუსტრიისთვის რამდენიმე პოზიტიური მოვლენაც მოხდა. მათ შორის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეთერიუმის ისტორიული განახლება იყო, რომელზეც დეველოპერები წლების განმავლობაში მუშაობდნენ.
განახლება სექტემბერში დასრულდა, რის შედეგად, ინვესტორებისთვის ახალი სისტემით აღჭურვილი ეთერიუმი გახდა ხელმისაწვდომი.

კომპლექსური ტექნიკური განახლების შედეგად, ეთერიუმი Proof-of-Work-დან ახალ კონსენსუსის მექანიზმზე, Proof-of-Stake-ზე გადავიდა, რაც კრიპტოვალუტას ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ბლოკჩეინის სისწრაფე, მაღალი გამტარობა, დაცულობა, მოქნილობა და სიიაფე - ეს იმ შესაძლებლობების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ახალი ეთერიუმი აღიჭურვა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ სისტემას არ სჭირდება მაინინგ ინფრასტრუქტურა და მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობები, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ.


კრიპტოაქტივებით უმსხვილესი საინვესტიციო ბანკები და ფონდები ინტერესდებიან

წლის მთავარ პოზიტიურ მოვლენებს შორისაა კრიპტოინდუსტრიის მიმართ მსოფლიოს უმსხვილესი ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების ინტერესის ზრდა. მაგალითად, Goldman Sachs-ი კრიპტო პლატფორმების და აქტივების შესაძენად მილიონობით დოლარის გამოყოფას გეგმავს.

Fidelity კლიენტებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, საინვესტიციო ფონდის 34 მილიონი მომხმარებელი ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებში ინვესტირების საშუალებასაც მიიღებს.

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკური დეპარტამენტი კი ბიტკოინსა და ეთერიუმს საუკეთესო საინვესტიციო აქტივებად ასახელებს და მათ უძრავ ქონებაზე უფრო მაღალ შეფასებას ანიჭებს.

ქართულ კონტექსტში აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წელს თბილისს Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო ეწვია, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჟაომ საჯაროდ დაადასტურა, რომ Binance-ს საქართველოს მიმართ დიდი გეგმები აქვს და მომავალში აქ წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაც იგეგმება.


2022 წლის შეჯამება

გასული წელი კრიპტოინდუსტრიისათვის განსაკუთრებით რთული და არასახარბიელო იყო. უმეტესწილად, ბირჟის მკვეთრი ვარდნა და კრიპტო კომპანიების კატასტროფული შედეგები გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებითაა განპირობებული.

სავარაუდოდ, Bear market-ი იქამდე გაგრძელდება, სანამ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას არ დაიწყებენ. შეძლებს თუ არა გლობალური ეკონომიკა რეცესიის დაძლევას და საფონდო ბირჟა კრიზისის თავიდან არიდებას - ამას მხოლოდ 2023 წელი გვიჩვენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები