მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკების გაცემა გააქტიურდა - მარტში 2020 წელთან შედარებით ზრდა 161%-ია

6070372db3247
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.21 16:00
999
TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დამტკიცებული იპოთეკური სესხების მოცულობა მზარდია. კერძოდ, 2021 წლის მარტში TBC ბანკის მიერ დამტკიცებული იპოთეკების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 161%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება 2019 წლის პერიოდთან მიმართებითაც, რადგან 2021 წლის მარტში 2019 წლის მართან შედარებით 25.8%-ით მეტი ახალი იპოთეკური სესხი დამტკიცდა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მარტის განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი სახლების ტრანზაქციების რაოდენობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა, 2019 წელთან მიმართებით კი ზრდა 19.5%-ია.

2020 წლის მარტში საქართველოში პირველი ლოქდაუნი დაიწყო, რის შედეგადაც უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. შესაბამისად, მარტში ახალი იპოთეკების 161%-იანი მატება სწორედ ამ “საბაზო ეფექტს” უკავშირდება. თუმცა, 2019 წელთან მიმართებით ტრანზაქციების და იპოთეკების რაოდენობის ზრდა ბაზრის გააქტიურებაზე მეტყველებს.

2020 წლის მეორე ნახევარში მთავრობამ უძრავი ქონების ფასების სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, რომელიც დეკემბერში დასრულდა. ამ პროგრამით სულ 828 მილიონი ლარის მოცულობის 8,443 იპოთეკური სესხი გაიცა.