მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით სულ 18 ადამიანი დასაქმდა

644f3d7fb1345
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.23 09:00
882
ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმების პოლიტიკის ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2022 წელს უწყების მიერ ქვეყანაში დასაქმების გაზრდისთვის გატარებული ღონისძიებები არის აღწერილი. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამებზეც, რომელთა ფარლებშიც უცხოეთში ქართველთა ლეგალური დასაქმება ხდება.

2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმდა „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულება.

ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა 2020 წლის 1 ოქტომბრის სპეციალური განხორციელების ოქმი, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს დასაქმდნენ ისრაელში, როგორც დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დასაქმების პოლიტიკის ანგარიშიდან ირკვევა, ამ პროგრამის ფარგლებში ისრაელში ლეგალურად დასაქმება 2022 წელს სულ 18-მა პირმა შეძლო.

“2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე (პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის პირველი მარტიდან), ხოლო 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, ხოლო 18 პირი დასაქმდა ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში (ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში.)

გრძელდება ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის რეგისტრირებული კანდიდატურების გადარჩევის პროცესი და წინასწარ (არსებული შერჩევის მეთოდოლოგიის საფუძველზე) შერჩეული კანდიდატების ისრაელის მხარისთვის მიწოდება. ასევე, აღნიშნული შესაძლებლობის თაობაზე, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან (ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება, კომუნიკაცია პროფილურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მათ კურსდამთავრებულებთან). პირველი ჯგუფი გაემგზავრა 17 პირის შემადგენლობით 2022 წლის 21 დეკემბერს. შეთანხმებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, შერჩევის პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი. მიღებული გამოცდილების კვალდაკვალ ხდება პროცედურების სრულყოფა საიმისოდ რათა შეთანხმება განხორციელდეს სრულყოფილად და მასში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე პირებმა,”- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები