მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს

642ec0b789842
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 16:54
811
კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად საჭირო აუქციონის ჩასატარებლად, საჯარო კონსულტაციები დაიწყო. საჯარო კონსულტაციების მიზანია აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აუქციონის პირობებთან დაკავშირებით. მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონი 23 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა.

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ოპერატორი - MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ MVNO ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ეს 5G სიხშირის მოსაპოვებლად ყველა ლოტზე აუცილებელი წინაპირობაა.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდება ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 4 984 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის - 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის - 2 593 800 ლარი, მე-4 კომბინირებული ლოტის კი - 2 656 700 ლარი.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს ვალდებული იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში. 2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.

გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.

ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს. კომუნიკაციების კომისიამ გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და შეიმუშავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურისთვის ფასდაკლების დაწესების შესაძლებლობა 5%-20%-დან 80%-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, 5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გაცემის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა და აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „Ernst & Young“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები