მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა - რა გაკეთდება?

63a473790e8d5
თინათინ ნატმელაძე
23.12.22 00:05
2779
დღეს, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა ოფიციალურად დამტკიცდა. ამის შესახებ BM.GE-ს ონის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსმა თეიმურაზ გრძელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სხდომას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გადაწყვეტილება უმრავლესობით - 20 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ, მიიღეს და შესაბამისი დოკუმენტი ძალაში უახლოეს მომავალში შევა.

"რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი არის პირობა დადებული სამივე მხარის - სახელმწიფოს, ადგილობრივი ხელისფულებისა და შოვის კერძო მესაკუთრეების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამ საკითხზე საუბარი 4 წელი მიმდინარეობდა. როგორც იქნა, მუნიციპალიტეტმა შოვის განაშენიანების გეგმის დამტკიცება მოახერხა, რაც კურორტი შოვის სწორად და ცივილურად განაშენიანებას შესაძლებელს ხდის“, - განაცხადა თეიმურაზ გრძელიშვილმა.

ბერიშვილის ცნობით, სხდომას ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით ერთგვარი წინააღმდეგობა ჰქონდათ.

„ადგილობრივებს, კონკრეტულად გლოლის მოსახლეობას, თავისუფალი რეგისტრაციის პერიოდში კურორტ შოვის ტერიტორიაზე მიწები აქვთ დარეგისტრირებული. ზოგიერთი მათგანის ტერიტორიაზე სამშენებლო ზონა არ გავრცელდა, ეს ცხადია, რომ ასე იქნებოდა. პროექტი საბჭოთა პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს. ეს ევროპელი ექსპერტებისგანაა შედგენილი და სამშენებლო ზონა მხოლოდ 20-25%-ზე ვრცელდება, დანარჩენი არის რეკრეაცია და ამ ზონაში ზოგიერთი კერძო პირის ტერიტორია მოხვდა - ზოგიერთის არა. ისინი ამბობენ, რომ მათ ინტერესებს არ ვითვალისწინებთ, მაგრამ ეს არაფერ შუაშია, რადგან კურორტი შოვი სახელმწიფოს საკუთრებაა და არა სოფელ გლოლის. რა თქმა უნდა, თუ კერძო პირი, რომელიც მიწას ფლობს, თუ სპეციალურ კვლევებსა და დოკუმენტებს წარმოადგენს, შესაძლოა, რომ დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს და მის ტერიტორიაზეც მშენებლობა დაიშვას“ - განმარტავს თეიმურაზ გრძელიშვილი.

რაჭის მოსახლეობის პოზიციის გასაგებად BM.GE სოფელ გლოლის ერთ-ერთ მცხოვრებ ზურა ბიჭაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტის საგანი მათ სახელზე რეგისტრირებულ მიწებზე მშენებლობის უფლების აკრძალვა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათი მოთხოვნების უგულებელყოფაა.

„მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინეს. გვინდოდა ისეთი გეგმა დადებულიყო, რომელიც ჩვენს ტერიტორიებზე მშენებლობის უფლებას მოგვცემდა და თან იერსახესაც არ დაამახინჯებდა. ვითხოვდით ცვლილებებს პროექტში, მაგრამ არ მოგვისმინეს და მაინც ისე დაამტკიცეს, როგორც მათ სურდათ. მე სოფელ გლოლაში ვცხოვრობ და ჩემი მიწაც რეკრეაციულ ზონაში მოხვდა, ასეა სოფლის უმეტესობა, ამიტომ პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ“, - აცხადებს ადგილობრივი.

ინფორმაციისთვის, შოვის კურორტის 60% ყაზახი ინვესტორების მფლობელობაშია, რომლებიც BM.GE-თან აცხადებდნენ, რომ სანამ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა არ დამტკიცდებოდა, მანამდე პროექტის განხორციელებას არ დაიწყებდნენ.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრიამ" რაჭაში, შოვის კურორტის განვითარებაზე 2019 წელს განაცხადა. კომპანიამ 3 წლის წინ თებერვალში გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან. "სიმეტრიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი მაშინ BM.GE -თან საუბარში განმარტავდა, რომ კურორტი შოვის განვითარებისთვის სამომავლოდ 60 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა იყო გათვალისწინებული. კურორტის განვითარებით კი რეგიონში ყოველწლიურად 56 ათასამდე საშუალო და მაღალშემოსავლიანი დამსვენებლების აყვანა იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები