მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგალურად დასაქმება ბულგარეთში - მთავრობა ახალ სამუშაო პროგრამაზე მუშაობს

644f452592f72
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.23 10:00
744
ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმების პოლიტიკის ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2022 წელს უწყების მიერ ქვეყანაში დასაქმების გაზრდისთვის გატარებული ღონისძიებები არის აღწერილი. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამებზეც, რომელთა ფარლებშიც უცხოეთში ქართველთა ლეგალური დასაქმება ხდება.

უწყების ანგარიშში საუბარია მსგავს პარტნიორობაზე ბულგარეთთანაც, რომელთანაც ლეგალურად დასაქმების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა.

“ბულგარეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მისი საიმპლემენტაციო პროტოკოლი გაფორმდა 2021 წლის 30 ნოემბერს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული შეთანხმების განხორციელებისათვის. მუშავდება შესაბამისი ოქმით გათვალისწინებული ტექნიკური პროცედურები, იქმნება სხვადასხვა დოკუმენტები, მიმდინარეობს კონსულტაციები საკოორდინაციო კომისიის დაკომპლექტების მიზნით და სხვა,”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში.

საერთაშორისო ლეგალური დასაქმების პროგრამებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბური გერმანიაში დასაქმების პროგრამაა, ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით პარტნიორობის შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში მოეწერა ხელი. პროგრამის პრაქტიკული განხორციელება კი 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე workabroad.moh.gov.ge, ხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

“2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე (პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის პირველი მარტიდან), ხოლო 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, ხოლო 18 პირი დასაქმდა ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში (ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში.)”- ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში, რომლის მოსმენაც დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები