მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე: ქაოსური დერეგულაციიდან სისტემურ მართვაზე გადავედით

62585f2943c33
BM.GE
14.04.22 21:59
722
პარლამენტმა, მინისტრის საათის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმინა. სამინისტროს საქმიანობის შესაფასებლად საპარლამენტო ტრიბუნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს დაეთმო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მინისტრის ინფორმაციის უკან დგას ძალიან ბევრი შრომა, რომელიც უკვე გაწეულია წლების განმავლობაში და კიდევ ძალიან ბევრი შრომაა გასაწევი მომავალში იმისათვის, რომ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი ღირსეულად შესრულდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ დღემდე შესრულებულ საქმიანობაზე ისაუბრა და განვლილი გზა გაიხსენა.

„ეს იყო გზა ათწლიანი დერეგულაციიდან ეფექტური მმართველობის საფუძვლების ჩამოყალიბებამდე. ჩვენ გვახსოვს დრო, როცა უქმდებოდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. გადაწყვეტილი იყო ყველა ლიცენზიისა და ნებართვის სისტემის გაუქმება და ეს, პრაქტიკულად, ასეც მოხდა. ჩვენ ვებრძვით მათ გამოსწორებას დღემდე“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, გარემოსადმი მიყენებული ზიანი, რომელიც დერეგულაციით იყო გამოწვეული, ქვეყანას მილიარდობით ლარი დაუჯდა წლების განმავლობაში.

„დღეს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ამაყი ვარ, რომ მინისტრისგან ვისმენ ინფორმაციას განვლილი სამუშაოების შესახებ. შესრულებული 12 დირექტივიდან (რომელიც გარემოს დაცვით ნაწილში იყო და არა კლიმატურში) 6 კანონი უკვე მიღებული გვაქვს და კიდევ მისაღები გვაქვს 6 დამატებითი კანონი, რომ არაფერი ვთქვათ კანონქვემდებარე აქტებზე“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, უკვე მიღებულია საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების მთავარი კანონმდებლობა ისევე, როგორც გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის და გარემოსდაცვითი კომპენსირების ფონდის კანონმდებლობა. მისივე ინფორმაციით, დღეს ეს ყველაფერი უკვე აღსრულების ეტაპზეა.

„მიღებული გვაქვს ნარჩენების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, პასუხისმგებლობის კუთხით კანონმდებლობა; გამკაცრებულია საწვავის ნორმები და ისინი ყოველწლიურად უახლოვდება ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს; სივრცითი მოწყობის ნაწილში შევიდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა; გარემოს ზემოქმედების შეფასება უტარდება სივრცითი მოწყობის დოკუმენტებს; საზოგადოების მონაწილეობა გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდა; განხორციელდა დაცული ტერიტორიების დემარკაციის უპრეცედენტო, მასშტაბური სამუშაოები; შემოვიდა ტყის მდგრადი მართვის პრინციპები.

„დიდი ჰესების აშენებისას გარემოსდაცვითი სტანდარტები სხვაგვარადაა დაცული და საზოგადოების ხმა სხვაგვარადაა მოსმენილი. სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. არ ვამბობ, რომ კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ დაგვიწყია ნულიდან, არამედ მინუს 30-დან დავიწყეთ და ძალიან ძნელია გაფუჭებულის გასწორება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, დღეს კონტროლდება ბენზინისა და დიზელის ხარისხი. ქალაქების დაგეგმარება ისე ხდება, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე არსებობდეს.

„კიკეთის და წყნეთის ტყეების გახმობა იმის ბრალია, რომ თითქმის 30 წლის მანძილზე არავინ ფიქრობდა ფიტო სანიტარიაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ასევე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობაზე. მისი თქმით, 346 ჰექტარი მიწაა უკვე რეკულტივირებული. მაია ბითაძის განცხადებით, ბევრად უფრო მარტივი იყო პრობლემების გადაჭრა ბოლნისში ვიდრე იმერეთში.

„რეკულტივაციის გარდა, მუშაობაა დაწყებული 23 საწარმოსთან, რომლებიც ცალკე ამუშავებენ მადნეულს და კონკრეტული გეგმებია დასახული იმისთვის, რომ მათი საწარმოო ციკლი სულ მალე გამოსწორდეს. ჩვენ ქაოტური დერეგულაციიდან სისტემური მართვის საფუძვლებზე გადავედით “, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მიღებულია, მაგრამ სისტემური რეფორმა ჯერ დასრულებული არ არის.

„მოვუწოდებ ყველა კოლეგას, ჩაერთოს ამ პროცესში და ერთად ვნახოთ ის ღია ადგილები, სადაც შეიძლება შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ნარჩენების აღდგენის, სეპარირებისა და რეციკლირების კუთხით“, -განაცხადა მაია ბითაძემ.