მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიზეზები, რის გამოც ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება ისევ გადაიდო

61a648c9860e3
დავით ჯალაღონია
30.11.21 19:47
1047
საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. როგორც ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა BMG-სთან საუბრისას განმარტავს, ვადის გადაწევის მიზეზი სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზადობაა.

"ორი ძირითადი მიზეზია. ერთ-ერთი მთავარი ეხება ბაზრის მონაწილეების შიშებს და მზადყოფნას ახალ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ეხება ძირითადად საათობრივ ვაჭრობას. საათობივ ვაჭრობაზე გადასვლა ნიშნავს უბალანსობაზე პასუხისმგებლობის აღებას ბაზრის მონაწილეების მიერ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ბაზრის ამ ახალ მოდელში და მეორეა ტექნიკური მზადყოფნა. აქ ვგულისხმობ როგორც აღრიცხვას, ასევე მათ უნარებს, დააპროგნოზონ მომდევნო დღის მოხმარება და გენერაცია.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე განცხადება გამოქვეყნდა ამ ბოლო დროს, მათ შორის ბიზნეს ასოციაციის მიერ. ასოციაციამ თავის წევრებთან ერთად განიხილა ბაზრის ახალ მოდელთან დაკავშირებული საკითხები და ახლა გეგმავს რეკომენდაციების ჩამოყალიბებას. ასევე, არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ჯგუფებთან - მომხმარებელთა ჯგუფებთან, გენერაციის ობიექტებთან და იცით, რომ მარეგულირებელმა კომისიამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხება ამ უბალანსობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძდ, მთავრობას ეძლევა გარკვეული უფლებამოსილება, კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება უბალანსობის პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით. ამ თემატიკამ გამოკვეთა იმის აუცილებლობა, რომ კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელდეს ის სატეტსო რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

ჩვენ რომ სრულად შევაფასოთ ყველა მონაწილის მზაობა ვაჭრობისთვის, ამისთვის დამატებით ორი თვე შეიძლება გახდეს საჭირო. სწორედ ამით იყო განპირობებული გადავადების გადაწყვეტილება", - განაცხადა ირინა მილორავამ.

რას ნიშნავს უბალანსობასთან დაკავშირებით გენერაციის ობიექტების პროგლემები? - აქ ის იგულისხმება, რომ თუ ელექტროსადგურმა გამოიმუშავა და სისტემას მიაწოდა ბირჟაზე და ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გაყიდულ ელექტროენერგიაზე ნაკლები რაოდენობა, ეს სხვაობა ელექტროსისტემამ სარეზერვო სიმძლავრეების გააქტიურებით უნდა შეავსოს და ამ ელექტროენერგიის თანხა, სწორედ იმ სადგურმა უნდა გადაიხადოს, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონკრეტული სიმძლავრის მიწოდებაზე, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. როგორც ირინა მილორავა აცხადებს, ამ პასუხისმგებლობისგან შესაძლოა, გარკვეული გენერაციის ობიექტები, როგორიც მზისა და ქარის, ასევე მცირე სადგურებია, მთავრობამ, დროებით გაათავისუფლოს, თუმცა ლიმიტების ფარგლებში.

"ზოგადად, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და ელექტროენერგიის გამომუშავების საათობრივი პროგნოზის გაკეთება ბაზრის ყველა მონაწილისთვის გამოწვევაა, ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ. ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ყოველთვიური ვაჭრობა მათ არ ავალდებულებდათ საათობრივი პროგნოზის კეთებას და ასევე, არასწორი პროგნოზისთვის, არანაირი პასუხისმგებლობა არ დგებოდა. განსაკუთრებით გამოწვევაა ეს მცირე სადგურებისთვის, ქარისა და მზის ენერგიებისთვის.

პროექტი, რაც ახლახანს იქნა განხილული პარლამენტთან არსებულ ენერგეტიკულ საბჭოზე, სწორედ გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს, ანუ მთავრობას მიეცემა უფლება, კონკრეტულ ჯგუფთან მიმართებით ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს. კანონპროექტში არ წერია კონკრეტულად, ეს რომელი კატეგორია იქნება, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა რასაც ამბობს, ასეთი გამონაკლისები სწორედ განახლებად ენერგიებს ექნებათ, როგორიც ქარი და მზეა. გარდა ამისა, შემოვიდა კრიტიკული გენერაციის მქონე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები - მელიორაციის არხებზე განთავსებული ჰესები, რომლებიც დამოკიდებულები არიან მელიორაციაზე და მელიორაციის მიერ განსაზღვრულ წლის მოდინებაზე. ამიტომ ეს კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, შემდეგი ნაბიჯი იქნება მთავრობის შესაბამისი აქტი, რომლითაც ის პირები იქნებიან განსაზღვრულნი, რომლებიც დროებით გამონაკლისს მიიღებენ.

უბალანსობის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ქვეშ რა იგულისხმება? - ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის სადგურები მომდევნო დღისთვის ჩვეულებრივად აკეთებენ პროგნოზს, შესაბამისად ამ პროგნოზების შესატყვისად ვაჭრობენ იმ სეგმენტებზე, რაც ნებადართულია ამ სადგურებისთვის, მაგრამ როცა ვსაუბრობთ უბალანსობის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არ არის სრული გათავისუფლება. თუ სადგურის უბალანსობა 80%-ია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად გათავისუფლდება ამ პასუხისმგებლობისგან. საუბარი იქნება კონკრეტულ ზღვარზე, პროცენტულ მაჩვენებელზე, რომლის ფარგლებში მას ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება. შესაძლებელია, ნელ-ნელა ზღვარი შემცირდეს და ამ გზით მოხდეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება და ბოლოს ნულამნდე დავიდეს.

კლასიკურ შემთხვევაში უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, როცა ნაკლები გენერაციაა, ნიშნავს იმას, რომ თუ გენერაციის ობიექტმა 100 ერთეულის წარმოება დაგეგმა და 95 ერთეული გამოიმუშავა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაობა გამომუშავებულ ელექტროენერგიასა და ნავაჭრ ელექტროენერგიას შორის, უბალანსობაა", - განმარტა ირინა მილორავამ.

ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი იმ ტექნიკურ საკითხზეც საუბრობს, რაც ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე უნდა მოწესრიგდეს.

"ეს არის აღრიცხვის მოწყობა. თუ დღევანდელ მოდელში ბაზრის შესაბამისი ოპერატორები იღებენ მონაცემებს ყოველთვიურ ბაზაზე, ახალ მოდელში ეს პროცესი გაცილებით დინამიურია და იმისთვის, რომ სრული ციკლი შეიკრას, საჭიროა მრიცხველები იქნას ყოველსაათობრივ რეჟიმში წაკითხული და შესაბამისად, ინფორმაცია გადაცემული საბალანსო ბაზრის ოპერატორთან. აღრიცხვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა ძირითადად იმ მონაწილეებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლახანს შეუერთდნენ ბაზარს. თქვენ იცით, რომ ბაზრის გახსნის იმ ეტაპზე, რაც განხორციელდა ამ წლის ივნისში, ბაზარს დამატებით 30 ახალი მომხმარებელი შუერთდა, თუმცა ყველა ამ ახალი მომხმარებლის აღირცხვის კვანძი არ პასუხობს იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რაც დადგენილია კანონმდებლობით და მეორე - მათ არ აქვთ უნარი, საათობრივ რეჟიმში გადასცენ ინფორმაცია. ასეთია რამდენიმე აღრიცხვის კვანძი და არა - ყველა. დაწყებულია ამ კუთხით მუშაობა და ვფიქრობ, პირველ მარტამდე ეს პროცესი დასრულდება და ტექნიკური მზადყოფნა იქნება ამ მოდელზე გადასვლისთვის", - განმარტა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები