მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, შეუძლებელია მასზე რაიმე პროგნოზის გაკეთება - გვენეტაძე

60743745c8322
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 16:11
1435
“საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება კურსთან დაკავშირებით,” - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე მედიის მიერ დასმულ კითხვებს.

სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში - თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მოახდინა. ამასთან, კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსზე COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი მოქმედებს.

“რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება კოვიდპანდემიის გავლენის ქვეშ; ძალიან დიდია გაურკვევლობის ფაქტორი და სიტუაცია ძალიან ხშირად იცვლება. რაც მოქმედებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ტურიზმის შემოსავლებიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელსაც გვქონდა ტურიზმის სექტორიდან შოკი <რუსეთის მხრიდან> ფრენების აკრძალვის გამო, რამაც გაცვლით კურსზე იმოქმედა. არ დაგვავიწყდეს, რომ მარტში ჩვენ მთავარ სავაჭრო პარტნიორში მოხდა გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს.

ეროვნული ბანკი მიიღებს ყველა ზომას იმასთან დაკავშირებით, რათა მაღალი არ იყოს ფასების ზრდა, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებს, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა. საქართველოში არის მაღალი დოლარიზაცია და კურსის ეს გაუფასურება უკვე გადაცემული არის ფასებზე.

თვის ბოლოს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

2021 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მიერ სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვრულ 3%-იან ინფლაციაზე 2.4-ჯერ მეტია. მზარდი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა დაწოლა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, რაც თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდებოდა. აღნიშნულის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარსაც გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები