დღეს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულ სისტემაში დარეგისტრირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება 1.2 მილიონ ლარად იურიდიული მომსახურეობის შეძენის თაობაზე. სამინისტრო იურისტებს ფოთის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ქირაობს.
"კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ 2020 წლის 11 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობის პროექტით, რამაც განაპირობა სამინისტროს მხრიდან მაღალი დონის იურიდიული მომსახურების საჭიროება.
ზემოაღნიშნული პროექტი მისი მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო მხარდაჭერას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მომსახურების მიღება მოხდეს ყოველგვარი შეფერხებების და კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რათა არ შეფერხდეს ინვესტორთან მოლაპარაკებების წარმოება, სათანადო გადაწყვეტილებების მიღების საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურება და საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის შემუშავება,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ დარეგისტრირებულ განაცხადში.
საინტერესოა, რომ სამინისტროს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ახალი პორტი აუცილებლად ესაჭიროება, რადგანაც 2019 წელს საკონტეინერო გადაზიდვის მიმართულებით პიკური მაჩვენებელი დადგა და ზრდის ტემპის გაგრძელების შემთხვევაში ის უკვე 2021 წელს არ იქნება საკმარისი.
"2019 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მიერ ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 647,816 TEU, რაც 2018 წელთან შედარებით 42.7%-ით მეტია. საქართველოს პორტების კონტეინერების გადამუშავების მაქსიმალურ შესაძლებლობას წარმოადგენს 750,000 TEU-ს რაც, ტენდენციების გათვალისწინებით უკვე 2021 წელს საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რამაც შესაძლოა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეფერხებაც გამოიწვიოს,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებაში.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ რამდენიმე იურიდიულ კომპანიას გაეგზავნა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაცია საკუთარი წინადადების და შემოთავაზებების წარმოდგენის მიზნით. ეს კომპანიებია:
1. BDO Legal-ისა და Norton Rose Fulbright-ის გაერთიანებული შემოთავაზება;
2. KPMG;
3. BGI Legal;
4. Deloitte;
5. Ernst & Young;
6. Hogan Lovells.
შეგახსენებთ, რომ , ფოთის პორტის ოპერატორის, APM Terminals-ის საინვესტიციო პროექტით, ფოთში $200-მილიონზე დიდი ინვესტიციით, ახალი ნავმისადგომის მშენებლობა არის დაგეგმილი.