მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების კომპანიამ უნებართვო მშენებლობებზე 159 მილიონი ლარი დახარჯა

608ade51792df
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.21 20:19
3059
“მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” 158.7 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულებები უნებართვოდ გააფორმა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა.

აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანიაში რიგი დარღვევები აღმოაჩინა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ დიდძალი საბიუჯეტო თანხები არის გაღებული ისეთი საინჟინრო ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, რომელთა შესახებაც შესაბამისი ნებართვები არ არსებობდა. სახელმწიფო კომპანიამ ეს კონტრაქტები 2018 და 2019 წლებში დადო,

“კომპანიამ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158,702,266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე. აღნიშნულის საფუძველს, კომპანიის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები,”- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანია გუდაურის, გოდერძის, ბაკურიანისა და თეთნულდის კურორტების ოპერატორია. აუდიტის დასკვნის თანახმად, უნებართვო კონტრაქტების უმეტესობა ავსტრიულ-შვეიცარიულ ფირმა "დოპელმაიერთან" არის გაფორმებული და ის სხვადასხვა საბაგირო გზის მშენებლობას უკავშირდება. ფაქტობრივად ახალი საბაგიროების დიდი ნაწილი უნებართვოდ შენდება. 

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანიის მიერ უნებართვო მშენებლობებისთვის გაფორმებული 158.7 მილიონი ლარის ხელშეკრულებებია:

● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება - €8,723,534 ევრო, გაფორმების თარიღი 04.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180130639);
● ხელშეკრულება “დოპელმაიერ საუს კაუკასუსთან”, ღირებულება 1,200,000 ლარი, გაფორმების თარიღი 26.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180136898);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €5,084,299 ევრო, გაფორმების თარიღი 12.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180130643);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €5,913,867 ევრო, გაფორმების თარიღი 12.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180130644);
● ხელშეკრულება TECHNOALPIN-თან, ღირებულება €2,245,189 ევრო, გაფორმების თარიღი 21.08.2018. (შესყიდვის კოდი CMR180146735);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €4,635,448 ევრო, გაფორმების თარიღი 13.08.2019. (შესყიდვის კოდი CMR190136165);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €5,730,177 ევრო, გაფორმების თარიღი 13.08.2019. (შესყიდვის კოდი CMR190136175);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €6,691,045 ევრო, გაფორმების თარიღი 13.08.2019. (შესყიდვის კოდი CMR190136188);
● ხელშეკრულება “მაუნთინ რიზორთ სოლუშენთან”, ღირებულება €6,463,545 ევრო, გაფორმების თარიღი 18.10.2019. (შესყიდვის კოდი CMR190161184);
● ხელშეკრულება “ინჟინერ ჰაბთან”, ღირებულება 490,814 ლარი, გაფორმების თარიღი 12.12.2019. (შესყიდვის კოდი CMR190190656);
● ხელშეკრულება “ველოდ სანაიასთან”, ღირებულება 79,118 ლარი, გაფორმების თარიღი 22.10.2018. (შესყიდვის კოდი NAT180014692);

“ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით - გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

უნებართვო მშენებლობები ერთადერთი ტიპის დარღვევა არაა რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიაში აღმოაჩინა. დარღვევებს შორისაა დაუსაბუთებლად, ტონობით საწვავისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები.

აუდიტის სამსახური ასევე პრობლემურად აფასებს კომპანიის დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაზრდილ ხელფასებს, რადგან აუდიტის შეფასებით, კომპანიის დირექტორი წარმოადგენს “არაუფლებამოსილ პირს” იმისთვის, რათა საკუთარი ხელფასი გაზარდოს.

“შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით,”- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის აუდიტიდან ირკვევა, რომ კომპანიის უშუალო ზედამხედველი ორგანო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა, რომელიც მაკონტროლებლის ფუნქციების შესრულებით არ არის დაკავებული:

"არ დასტურდება სააგენტოს მიერ მისთვის კანონმდებლობით (და მისივე ბრძანებით) განსაზღვრული ცალკეული პასუხისმგებლობების შესრულება, მათ შორის, წლიური შედეგების და საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება, ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების პროექტების ფინანსური ანალიზი და სხვა,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები