საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG სისტემის ამოქმედება გადაიდო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გადავადება კლინიკების ასოციაციის მიმართვის საფუძველზე მოხდა, სადაც აღნიშნული რეფორმის გადავადებას სექტორი ითხოვს.
„როცა თვეების წინ ვმუშაობდით ამ პროექტზე და ვაანონსებდით, რომ ოქტომბრის დასაწყისში მის გასაშვებად მზად ვიქნებოდით, მაშინ 100 კლინიკის ასოციაციის მომართვა იყო და გვთხოვდნენ, შევხვედროდით და სასწრაფოდ დაგვენერგა ეს სისტემა. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა მიმდინარე თვეში, 3 ოქტომბრიდან ვუშვებდით ამ სისტემას და ზუსტად იგივე ასოციაციისგან მოგვივიდა წერილი, რომელიც გვეუბნება, რომ სისტემის გაშვება იქნებ გადავავადოთ, როცა ჩვენ ყველანაირად მზადყოფნაში ვართ და შეგვიძლია მისი ამოქმედება იმ ვადებში, რაც სექტორისთვის დაპირებული გვქონდა.
ახლა ისევ დავუბრუნდით განხილვის ეტაპს და უკვე ჩვენს გუნდში ვიხილავთ, რამდენად საჭიროა ან რამდენი ხნით შეიძლება გადავუწიოთ ვადები. მათი მოტივაცია გადავადების ისაა, რომ თავიანთი შიდა სისტემები გადასაწყობი აქვთ.
იანვარში, როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, მალევე დავიწყეთ ამაზე საუბარი და მაშინვე შეეძლოთ მათ ამაზე დაეწყოთ ფიქრი, თუმცა თუ სისტემების გადაწყობის საჭიროება აქვთ, პარალელურად შეგვეძლო დაგვეწყო და გაგვეშვა DRG და არ შეგვეფერხებინა პროექტი, რადგან რამდენიმე თვე ისედაც საპილოტე რეჟიმში იქნებოდა და თუ რამე ხარვეზი იქნებოდა, ამას პარალელურად გამოვასწორებდით. მაგრამ იმ წერილის საფუძველზე, რომელიც სამინისტროში შემოვიდა, ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და ახლა ვიხილავთ, თუ რა პერიოდით შეგვიძლია გადავადება.
ძალიან დიდი ვადით გამორიცხულია და ამას არ დავთანხმდებით, რადგან ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სისტემით ყველა კლინიკას ისეთ სატარიფო სისტემას ვთავაზობდით და ისეთ საბაზისო ტარიფს განვუსაზღვრავდით, რომ პაციენტს სამწუხაროდ დღეს თუ უწევს თანხის დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე – და წესით არ უნდა უწევდეს – იმ შეთანხმების მიხედვით ისეთი ტარიფები განისაზღვრებოდა, რომ პაციენტს არანაირი დამატების საჭიროება არ უნდა ჰქონდეს. რაც უფრო იქით გადავწევთ ამ სისტემის გაშვების თარიღს, ეს ისევ პაციენტებს ეხება და მათ კმაყოფილებაზე ექნება გავლენა. ამიტომ ვჩქარობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავუშვათ და ის თავდაჯერებულობა და მზადყოფნა, რაც გვაქვს, ამისთვის სრულიად საკმარისია.
უცხოელი პარტნიორები, ექსპერტებიც გვყავს ჩართული, ვისაც სხვა ქვეყნებში აქვს ამ სისტემის დანერგვის გამოცდილება და ზუსტად იმ ქვეყნების მოდელს ვნერგავთ. შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა შესაძლოა რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე კვირა გადავხედოთ და გავითვალისწინოთ მათი პოზიციებიც, მაგრამ ამ სისტემის ამოქმედებას დროში ძალიან დიდხანს ვერ გადავიტანთ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.