მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტია უსასყიდლო პრივატიზაციის საკითხი" - ეკონომისტი

60ae646d01c2b
ელენე გოგბერაშვილი
26.05.21 21:20
1087
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები შვიდი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა. 

2020 წელს კი საქსტატის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით 18.5%-მდე გაიზარდა.

ცხადია, ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა პანდემიამ. 2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ქვეყანაში 783 ათასი დაქირავებით დასაქმებულია. თუ ამ რიცხვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებით, მივიღებთ, რომ ბოლო ერთ წელიწადში 108 ათასი ადამიანია, რომელმაც პანდემიის გავლენით სამსახური დაკარგა.

ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, სტატისტიკის ანგარიშში მოცემული უმუშევრობის დონე კიდევ არ ასახავს იმ რეალობას, რაშიც ქვეყნის ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე იმყოფება. რამაზ გერლიანი თვლის, რომ ეს დიდი გამოწვევაა და მთავრობის პოლიტიკის სწორებაც ამ მიმართულებით უნდა მოხდეს. ეკონომისტი გამოსავალს სახელმწიფო აქტივების განკერძოებასა და კერძო სექტორის სტიმულირებაში ხედავს, რაც ბიზნესს გაუჩენს მოტივაციას გაიზარდოს და გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შექმნას.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ პრივატიზაცია დეკლარირებულად პრიორიტეტია მთავრობისთვისაც, მათ შორის ხშირად გვესმის მინისტრებისგან, პრემიერისგან, რომ საჭიროა მეტი ტემპი, აგრესიული პრივატიზაცია, თუმცა ფაქტია ეს აგრესია შედეგებს ნაკლებად ეტყობა.

„სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ ამაზე უნდა იყოს სწორებული, რომ ეს მაჩვენებელი რაც შეიძლება  მინიმალური იყოს და მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად თვითკმარი. ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც მოქალაქეებშია. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები შემცირდა, მაგრამ თუ ხელფასიან ან თვითდასაქმებულის კატეგორიაში დარჩა ადამიანი, ის მაინც ამ 22%-მდე უმუშევრობის ( 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 21.9%-მდე გაიზარდა) ნაწილში აღარ რჩება. 1000 ლარი რომ ჰქონდა და შეუმცირდა 500 ლარამდე, ის მაინც დასაქმებულად ითვლება, წარმოიდგინეთ რამდენად უფრო ცუდად არის რეალური მდგომარეობა, ვიდრე ამ გაზრდილ მაჩვენებელში ჩანს.

რასაკვირველია, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა უზრუნველყოს, როგორც საბაზრო ეკონომიკას შეეფერება, გარემო, სადაც მთავარი დამსაქმებელი სწორედ არის კერძო სექტორი. აქტივების დაახლოებით 70%, რომელსაც შეუძლია კერძო სექტორში შექმნას დოვლათი, გამოიწვიოს დასაქმება და მიიღონ მოქალაქეებმა შემოსავალი, პრაქტიკულად გათიშულია ეკონომიკიდან. როგორც კი ეს ჩაერთვება ავტომატურ რეჟიმში, იწვევს კერძო სექტორის გააქტიურებას, რასაც მოაქვს დასაქმება.

გადასაწყვეტია ერთხელ და სამუდამოდ სწორი, ეფექტიანი და სამართლიანი მიდგომით, როგორიც არის უსასყიდლო პრივატიზაციის გზა. ამის შემდგომ უცებ მოხდება კერძო საკუთრების ფორმირება და შემდეგ სახელმწიფოს დარჩება ერთადერთი მექანიზმი, თავისუფალ გარემოზე ზრუნვა.

მეორე ნაბიჯი, რაც შეიძლება გადაიდგას, არის ის, რომ დასაბეგრი მასა რომ იზრდება, შეიძლება დაიწიოს გადასახადი, რითაც კიდევ უფრო ხელი შეეწყობა კერძო სექტორს და მივიღებთ საბოლოო ჯამში იმ პრობლემის მოგვარებას, რა პრობლემაზეც ვსაუბრობთ -  უმუშევრობა და შემოსავლების სიდუხჭირე ქვეყანაში“, - აცხადებს რამაზ გერლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები