მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ 2015 წელს გაუაზრებელი შეცდომა დაუშვა" - ქეთი ქვარცხავა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაზე

62e1979952ef4
ალა ისპირიანი
27.07.22 23:51
7937
საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა, რომელმაც ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს.

იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით სახელმწიფომ დიდი შეცდომა დაუშვა.

„გამოდის, რომ სახელმწიფო მოსახლეობის მიმართ თავის სოციალურ პასუხისმგებლობას ადამიანებს აკისრებს, ანუ იმ მოქალაქეებს, ვისაც გარკვეულ ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნიათ.

2015 წელს, როდესაც ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო და ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება წინასწარ ვიცოდით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ პასუხისმგებლობის მოხსნა და სასამართლოზე დაკისრება, სასამართლო სისტემას უფრო დაამძიმებდა.

ამ კანონპროექტის მიზანი იყო, რომ ადამიანები გარეთ არ უნდა გაყარო, მაგრამ, მაგალითად, როცა მესაკუთრე ვარ და დამქირავებელი ფართში შევუშვი და აღარ გამოდის, რატომ ვარ პასუხისმგებელი იმ ადამიანის დაბინავებაზე?! ბინის გაქირავებიდან შემოსავალი, შეიძლება ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყოს.

ჩემი აზრით, სახელმწიფომ 2015 წელს შეცდომა გაუაზრებლად დაუშვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა სასამართლოზე გადაიტანა, სადაც რიგებია და აღსრულება დროულად არ ხდება.

გასარკვევი ისაა, რომ მე, როგორც კერძო მოქალაქეს, სახელმწიფო მავალებს ადამიანები ვარჩინო თუ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ ადამიანი უბინაოდ არ დარჩეს“, - განაცხადა ქვარცხავამ გადაცემა "ანალიტიკაში".

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გახშირდა საუბრები, რომ გაქირავებული ბინის ქირას დამქირავებელი არ იხდის და ბინიდან მისი გამოშვებაც ვერ ხერხდება. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი წერილობითი კონტრაქტის არარსებობაა, რადგან გამქირავებლები თავს, სავარაუდოდ, გადასახადის გადახდას არიდებენ, რადგან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იგი 5%-ით იბეგრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები