მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაშლის ღირებულების მინიმალური ზღვარი სავარაუდოდ 22-24 თეთრი იქნება" - საწარმოების განმარტება

62f6a502b3b08
ალა ისპირიანი
12.08.22 23:05
4755
ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებს ვაშლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. მიზეზად, კი უხვ მოსავალს და პროდუქციით გაჯერებულ ადგილობრივ ბაზარს ასახელებენ. ჭარბი მოწოდება, კი ვაშლის გაიაფებას იწვევს. ფერმერი, თენგო კალმახელიძე Bm.ge-სთან ამბობს, რომ ჩამბარებელ პუნქტებში 1კგ ვაშლის ღირებულება 15-20 თეთრია, რაც მხოლოდ მუშის ხელფასს უფარავს. 

რა ღირს საწარმოებში 1 კგ ვაშლის ჩაბარება? - ამ კითხვით Bm.ge-მ ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებს მიმართა. გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლების ინფორმაციით, სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას წელსაც დაასუბსიდირებს, თუმცა რა იქნება ვაშლის შესყიდვის მინიმალური ფასი, რაც პროგრამით განისაზღვრება, ეს მოგვიანებით - აგვისტოს ბოლოსთვის გაირკვევა. 

სპირტისა და არყის საწარმო „გრადოს“ ხელმძღვანელმა გიორგი გობეჩიამ განაცხადა, რომ ვაშლზე მინიმალურ ფასს სახელმწიფო აწესებს, რომლის განსაზღვრის შემდეგაც ბაზარზე ფასი დგინდება. მისი თქმით, წელს სახელმწიფოს მინიმალური ფასი ჯერ არ დაუდგენია და შესაბამისად ვაშლის ჩაბარების ღირებულება მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. 

„შარშან და შარშან წინ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ფასი 22 თეთრი იყო. სახელმწიფო ამბობდა, რომ თუ ფერმერებისგან ვაშლს მინიმუმ 22 თეთრად შევისყიდდით, კომპენსაციას საწარმოები მივიღებდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშლში გადახდილი 22-თეთრიდან, სახელმწიფო 10 თეთრს უკან გვიბრუნებდა“, -ამბობს გიორგი გობეჩია.

მისივე თქმით, ვაშლის ფასის განსაზღვრის შემდეგ განკარგულება გამოიცემა, რასაც საწარმოები აგვისტოს ბოლოს ელოდებიან.

„ფასთან დაკავშირებით, ახლა რა იქნება ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შეიძლება იგივე შენარჩუნდეს ან გაიზარდოს. ჯერ ამაზე სახელმწიფოს მხრიდან განკარგულება არ გამოსულა. თვის ბოლოს წესით განკარგულება უნდა იყოს “, - განმარტავს გობეჩია.

საკონსერვო ქარხანა „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე Bm.ge-სთან ამბობს, რომ სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ღვარი 22-24 თეთრი იქნება.

„აგვისტოში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი და ფასის შესახებ იქ გადაწყდება. სავარაუდოდ დაბალი ზღვარი 22-24 თეთრი იქნება და ამის მაღლა საწარმოებს რამდენიც შეეძლებათ იმდენს გადაიხდიან“, - ამბობს იგი.

ინფორმაციისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ვაშლის მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით სექტორში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს.  შეხვედრაზე ითქვა, რომ მიმდინარე სეზონზე, გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ გასულ წელსაც განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის მიზნად ვაშლის მოსავლის სრულად რეალიზაცია დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები