მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ გეტყვით, წავა თუ არა ENKA არბიტრაჟში" - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

61b75a3477d15
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.21 18:55
598
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ თურქულ კომპანია ENKA-ს, ჯერჯერობით, სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, უცნობია მიიღებს თუ არა კომპანია შესაბამის გადაწყვეტილებას.

ასევე თვალაბეიშვილი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე საინვესტიციო შეთანხმება მოშლილი არაა.

“ENKA-მ მთავრობას გამოუგზავნა შეტყობინება, რომ აპირებს ხელშეკრულების შეწყვეტას, კომპანიის პოზიცია დღემდე დარჩა იგივე და ახალი არაფერი არაა. თუ რამე შეიცვლება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ამის შესახებ.

ჯერჯერობით, ENKA-ს პოზიცია რჩება იგივე, ცვლილება არაფერი არ არის.

ჯერ არბიტრაჟამდე არ მისულა საქმე, ვერ გეტყვით, წავა თუ არა ENKA არბიტრაჟში, მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ,” - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი.

შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.

იმ შემთხვევაში თუ ჰიდროელექტროსადგური აშენდებოდა, საქართველოში $800 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდოდა, ქვეყანას კი 433 მეგავატის სიმძლავრის გენერაციის ობიექტი შეემატებოდა.