კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 26.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით [დაახლოებით 1.9 მლნ ლარი] არის შემცირებული.
უშუალოდ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 25 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6%-ით არის შემცირებული 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. შემცირების მიზეზად მარეგულირებელი აზარტულ თამაშებს ასახელებს, რადგან ქვეყანაში 2022 წლის მარტიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა.
რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამიფინანსებლები იყვნენ. კერძოდ, 2021 წლის მეოთხე კვარტალში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა თითქმის ექვსი მლნ ლარი შეადგინა.
“ამ ფაქტორის გათვალისწინებით [აზარტული თამაშების რეკლამის გარეშე] 2022 წლის მეოთხე კვარტაში მაუწყებლებმა 4.1 მლნ ლარით მეტი თანხა მიიღეს და ჯამში სარეკლამო ბაზარი 18%-ით გაიზარდა”,-აცხადებენ მარეგულირებელში.
2022 წლის მეოთხე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წილი 65.8%, პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, შემდეგ 18.7%-ით სპონსორობა მოდის.
რაც შეეხება უშუალოდ მაუწყებლებს, 2022 წლის მეოთხე კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წილი 64.5%, პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 18.8% სპონსორობაზე მოდიოდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, [2021 წლის მეოთხე კვარტალი] სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წილი 77.6% პირდაპირი რეკლამაზე მოდიოდა.
სარეკლამო შემოსავლების კუთხით მაუწყებლობს შორის ტრადიციულად “ტელეიმედი” ლიდერობს, რომელმაც მეოთხე კვარტალში 8.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. მეორე ადგილს “მედია ჰოლდინგი” იკავებს [ბრენდული სახელი რუსთავი 2], რომელმაც 3.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. მესამე ადგილზე 2.9 მლნ ლარით “მთავარი არხია”. თანაბარი 1.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს “პოსტვიმ” და ტელეკომპანია "პირველმა". 2022 წლის მეოთხე კვარტალში ტელეკომპანია "ბი ემ ჯიმ" 1 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო.