მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთველის სუბსიდირებას ნამდვილად სჯობს“ - მეღვინე სუბსიდირების ახალ პროგრამაზე

613625c3561c3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.21 22:40
1316
„რთველის სუბსიდირებას ნამდვილად ჯობია“, - ასე აფასებს მეღვინე, „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბითარიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებულ ქართული ღვინის სუბსიდირების ახალ პროგრამას, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ღვინის მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული კამპანიის თანადაფინანსების საგრანტო კომპონენტს მოიცავს.

ნატურალური ღვინის მწარმოებელი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს წარდგენილი პროექტი რამდენიმე მიმართულებით არის მისასალმებელი.

„ვთვლი, რომ რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა ასეთი სახის პროექტებია, რომ ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდოს, იმიტომ რომ თუ არ გაიზარდა ღვინოზე მოთხოვნა, არ გაიზრდება მოთხოვნა ყურძენზე და სულ ამ მდგომარეობაში ვიქნებით“, - აცხადებს ბითარიშვილი.

მეღვინე აღნიშნავს, რომ სუბსიდირების კომპონენტი ბაზრების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს, რაც ერთი მხრივ ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ამის ხარჯზე მეორე მხრივ ქართული ღვინის ხარისხს გაზრდის.

„პირველადი ინფორმაციით, რაც ხელისუფლების მხრიდანაა დეკლარირებული, მისასალმებელი იდეაა, რადგან ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ბაზრის დივერსიფიცირება აუცილებელია და ამაზე, რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. გარდა ამისა, არამარტო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიცირება, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ დასავლეთის ბაზარზე უფრო დიდი დოზით შევიდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ღვინის ხარისხი უფრო მაღლა აიწევს. ეს ძირითადად ისეთი ბაზრებია, სადაც ხარისხზე მოთხოვნა მაღალია. ამის მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მარკეტინგული ღონისძიებები და ცნობადობის გაზრდაა“, - ამბობს „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი.

ის დადებითად აფასებს იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვით სახელმწიფო კომპანიებს დააფინანსებს და თავად მწარმოებლებსაც საკუთარი ფინანსური რესურსის გაღება მოუწევთ, თუმცა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია პროგრამაში ჩართვა მცირე მარნებმაც შეძლონ, რადგან სწორედ ისინი წარადგენენ ხარისხიან, მაღალი ღირებულების ღვინოს მსოფლიოში.

„ეს ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი იქნება პროგრამაში მონაწილეობა მცირე მარნებმაც მიიღონ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ 600 000 ლარი იქნება წლიური თანადაფინანსება კომპანიაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მცირე მარნისთვის ძალიან დიდი თანხაა. მცირე მარნები გაცილებით მოქნილები არიან და მაღალ საფასო სეგმენტში ყიდიან, ანუ იმ საფასო სეგმენტში, სადაც გვინდა, რომ ქართულმა ღვინომ ადგილი დაიმკვიდროს. რადგან არ შეგვიძლია ვაწარმოოთ ბევრი და იაფი ღვინო, როგორსაც აწარმოებს ავსტრალია და ა.შ. ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს ამხელა ტერიტორია და ვენახები, ამიტომ ჩვენ მაღალ სეგმენტში უნდა დავიკავოთ ადგილი. ასე რომ, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაძლებლობა მცირე მარნებმაც გამოიყენონ ეს პროექტი, კარგი იქნება“, - განმარტავს მეღვინე.

მისი ინფორმაციით, „იაგოს ღვინოს“ მარკეტინგული აქტივობები ყოველწლიურად ჰქონდა და თუ პროგრამა ამის საშუალებას მისცემს, 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე სახელმწიფოს თანადაფინანსებასაც გამოიყენებენ.

„კოვიდის გამო ამ მხრივ შევიზღუდეთ, მაგრამ 2021 წელს იმედი გვაქვს, რომ აღდგება ეს აქტივობები და პროგრამას რამდენიმე ქვეყანაში გამოვიყენებთ, მაგალითად აშშ-სა და საფრანგეთში ეს პროგრამა ძალიან კარგად იმუშავებდა“, - უთხრა BM.GE-ის იაგო ბითარიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები