ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, რუსეთზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია, სადაც 2017-20 წლებში ქართული ღვინის ჯამური ექსპორტის 58.1%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, ეს დიდწილად გამოწვეულია რუსეთში ქართული ღვინის პოპულარობით (რაც დამატებით მარკეტინგული ხარჯების საჭიროებას აღარ ქმნის) და რუსეთთან განვითარებული სავაჭრო კავშირებით. კვლევის მიხედვით, ექსპორტის დივერსიფიკაცია ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
„რუსეთი იყო ჩვენი წამყვანი საექსპორტო ბაზარი, ვიდრე დააწესებდა ემბარგოს და ექსპორტში 92%-ს იკავებდა. თუმცა ემბარგოს შემდეგ 2006-2012 წლებში ნელ-ნელა გადავერთეთ სხვა ქვეყნებზე და დავიწყეთ ახალი ბაზრების ათვისება, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთთან აღდგა სავაჭრო ურთიერთობები, 2013 წლიდან რუსეთმა ძალიან სწრაფად აღიდგინა წამყვანი პოზიციები ჩვენი ღვინის ექსპორტში“, - ნათქვამია კვლევაში.
Galt & Taggart-ის კვლევით, რუსეთი წამყვანი საექსპორტო, თუმცა ყველაზე იაფფასიანი ბაზარია. "ჩვენ ავიღეთ ოთხი ღვინის ტოპ-სახეობა და ესენია „ალაზნის ველი“, „ქინძმარაული“, „საფერავი“ და „ფიროსმანი“. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანის ფასი რუსეთში ყველაზე იაფია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაგალითად აშშ-ში ექსპორტირებული იმავე ღვინის ფასებს“, - აღნიშნულია კვლევაში.