მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ბაღებში აღმზრდელების არასაკმარისი რაოდენობაა – აუდიტის სამსახური

60bcc7200e8ca
სალომე მეცხვარიშვილი
06.06.21 17:30
1104
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს – აღნიშნულის შესახებ მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც იკვლევს თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის ეფექტიანობას.

აუდიტის სამსახური წერს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობა აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რაც შესაძლებელია აღსაზრდელთა სათანადო ხარისხით სასკოლოდ მზაობისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს.

“ასევე, პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები არსებული საკითხის გადასაჭრელად. არ არსებობს დროში გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვით პედაგოგების და აღსაზრდელების რაოდენობა კანონთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. საკითხის გადაჭრა მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის სერვისის გასაუმჯობესებლად”,– ნათქვამია ანგარიშში.


აუდიტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, რომ ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 ბავშვს(2–3 წლამდე ასაკის ბავშვებში 25 აღსაზრდელს), რიგ შემთხვევებში ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაწესებულ ნორმებს აჭარბებს, რაც სააღმზრდელო დაწესებულებებზე მაღალი მოთხოვნით არის განხპირობებული.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2019 წელს, ჯამურად, 83 ჯგუფი ფუნქციონირებდა. აქედან, 79 ჯგუფში ბავშვთა დასაშვები რაოდენობა კანონით განსაზღვრულ ნორმას აჭარბებდა, ხოლო მათ შორის 17 ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 40-ზე მეტი იყო. თბილისში: ფუნქციონირებადი 830 ჯგუფიდან 298 ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარზე მეტი იყო. რაც შეეხება რუსთავისა და ფოთის ბაღებს, მათ კანონის ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქვთ”,– ნათქვამია ანგარიშში.