მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად კეთდება ანტიგენის სწრაფი ტესტი უფასოდ? - BM.GE-ის ექსპერიმენტი

5fce194cd6287
ინგა მურუსიძე
08.12.20 09:00
32115
საქართველოს მასშტაბით, მთავრობამ covid-19-ზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა 2 დეკემბერს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს. სამიზნე მაჩვენებელი დღეში, დაახლოებით, 20 ათასი ტესტის გაკეთებაა. მთავრობის ცნობითვე, გაიზრდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების ჩატარება, რითაც ინფიცირების შემთხვევები უფრო სწრაფად გამოვლინდება; ასევე, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

გასული კვირის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების დღიურმა მაჩვენებელმა 17 ათასს გადააჭარბა „მიმდინარე კვირის განმავლობაში კი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება“, - ასეთია მთავრობის მიმდინარე კვირის ამოცანა, რომლის ფარგლებშიც 7 დეკემბრის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომიდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და როგორც ექიმის მიმართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, კი უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან.

ანტიგენის სწრაფი ტესტების გაკეთებისკენ მოუწოდა საზოგადოებას NCDC-ის ხელმძღვანელმაც. „ისარგებლეთ ამ შემოთავაზებით, 150-ზე მეტ ადგილას არის ხელმისაწვდომი ტესტირება. ეს არის უფასო. თუკი გაქვთ სიმპტომი, მიდით ე.წ. თვითდინებით კოვიდ-ცენტრებში და ჩაიტარეთ ტესტები, რომლის პასუხი 20 წუთშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 7 დეკემბერს.

ბუნებრივია, ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს არ ჩამოუთვლია, ზუსტად რომელ კლინიკებშია შესაძლებელი ანტიგენის უფასო სწრაფი ტესტის აღება, თუმცა NCDC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულია ე.წ. სწრაფი-მარტივი ტესტირების მომსახურების მომწოდებელი კლინიკების სია, სადაც წესით, მოქალაქეებს შეუძლიათ მივიდნენ და ტესტები უფასოდ გაიკეთონ.  მათ შორისაა „ევექსის“ კლინიკები თბილისსა და რეგიონებში“, “თბილისის ზღვის ჰოსპიტალი", კლინიკა „ინოვა“, კლინიკა „კლინიკა ნიუ მედი“, „პირველი სამედიცინო ცენტრი“, „ვივამედი“ და ა.შ. სიაში სულ 223 კლინიკაა და მათ შესახებ 4 დეკემბერს გაცხადდა.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, BM.GE გუშინ რამდენიმე კლინიკის ცხელ ხაზს დაუკავშირდა და იკითხა, კეთდებოდა თუ არა იქ სწრაფი ტესტი. კლინიკა „ინოვაში“ ამბობენ, რომ პროგრამაში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან, თუმცა ჯერჯერობით უფასო ტესტს არ აკეთებენ. „პირველ სამედიცინო ცენტრში“ განაცხადეს, რომ „პროგრამაში შეცდომით არიან მითითებული“ და იქ უფასო ტესტი არ კეთდება; "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" კი გვითხრეს, რომ მსურველ მოქალაქეებს ტესტებს საერთოდ არ უკეთებენ და ა.შ.

ექსპერიმენტის ფარგლებში 10-ზე მეტ კლინიკაში დავრეკეთ და ანტიგენტის უფასო ტესტის ჩატარებაზე დადებითი პასუხი მხოლოდ „ევექსი ჰოსპიტლებსა“ და "წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში" მივიღეთ, თუმცა ორივე მათგანში გადატვირთულობის გამო მოქალაქეებს დილიდან ცოცხალ რიგში ჩადგომისკენ მოუწოდებენ.

ექსპერიმენტის ასეთი შედეგის შემდეგ, BM.GE დაინტერესდა, იმ ფონზე, როდესაც ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს სწრაფი ტესტების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რამდენად ამოწმებს თავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმას, კლინიკებში რეალურად არის თუ არა ხელმისაწვდომი უფასო ტესტები და ასევე, იყო თუ არა 223-ე კლინიკასთან შეთანხმებული ინტენსიური ტესტირების პროგრამაში მათი ჩართვა.

NCDC-ში ირწმუნებიან, რომ "შესაძლოა, რომელიმე კლინიკა პროგრამაში ჩართული იყოს, თუმცა ტესტი ჯერ არ ჰქონდეს გატანილი". 

რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს - რამდენად დროულად ამარაგებს სახელმწიფო კლინიკებს ანტიგენის სწრაფი ტესტებით, ასევე, რეალურად, როდის ჩაერთვება ნუსხით განსაზღვრული 223-ვე კლინიკა ინტენსიური ტესტირების პროგრამაში და ა.შ. NCDC-ის პრესსამსახურში გვიპასუეს, რომ „დეტალებს არკვევენ“. შესაბამისად, მათ პოზიციას bm.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები