მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკარანტინე სივრცეებით 2500-ზე მეტმა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა - ტურიზმის ადმინისტრაცია

5ea0285ab7479
BM.GE
22.04.20 15:19
795
საკარანტინე სივრცეების მოწყობით 2500-ზე მეტმა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

"2020 წელი უდაოდ იქნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლების მქონე ტურისტული წელი ჩვენი ქვეყნისთვის, რის მისაღწევადაც ჩვენ ყველამ ერთად თავდაუზოგავად ვიშრომეთ გასულ, 2019 წელს. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ინერციით რომ არ იზრდება ეს ძალიან რთულმა, 2019 წელმა განსაკუთრებით ნათლად დაანახა ყველას ვინც მუდმივად ცდილობდა ამ "შეხედულებით" ინდუსტრიის დაკნინებას. ჩვენი სფერო ერთ-ერთი განსაკუთრებულად კონკურენტუნარიანია მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად, ქვეყანა და მისი კერძო სექტორი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს იმისთვის რომ ბაზრის წილიც პროპორციულად იზრდებოდეს. საქართველო ამის ნათელი მაგალითია.

რა ხდება ახლა - შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია ის ფაქტი რომ პრემიერ მინისტრის დავალებით, ტურიზმის ადმინისტრაცია კარანტინების პროექტის მართვით არა მხოლოდ ასრულებს მნიშვნელოვან როლს COVID-19 ბრძოლაში არამედ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა პირდაპირი ინსტრუმენტებით:

✅83 სასტუმროს სრული დატვირვით ფუნქციონირება
✅დასაქმებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული 2,500 ადამიანზე მეტი მთელი საქართველოს მასშტაბით
✅მუდმივ გამოყენებაშია სოფლის მეურნეობის პროდუქტები
✅ჩართულია სხვადასხვა ბიზნესები - სატრანსპორტო, ქეითერინგი და ა.შ

ეს არის ზუსტად ის რაც ახლა სჭირდება ტურიზმის ინდუსტრიას. მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი შესაძლებლობები შემოსავლების მიღების ახლა და ამჟამად (რომ არაფერი ვთქვათ იმ საშეღავათო პირობებზე რომელიც საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეიმუშავა - საგადასახადო თუ სესხების სუბსიდირების კუთხით). დიდი მადლობა ეკუთვნით კარანტინის პროექტში ჩართულ უკლებლივ ყველა სასტუმროს რადგან ისინი არა მხოლოდ გვერდში დაუდგნენ ქვეყანას და გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა არამედ პროექტის მეშვეობით განაგრძეს თანამშრომლების დასაქმება და მათთვის ხელფასების შენარჩუნება.

რაც შეეხება მომავალს, სამწუხაროდ რთული რამდენიმე თვე იქნება თუმცა ეს პესიმისტური განწყობის შექმნას არ ნიშნავს! საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია რომ ერთ-ერთი პირველი იქნება რომელიც სწორ დროს მოიზიდავს სასურველ, მხარჯველუნარიან ტურისტებს - ეს ნათელი და ცხადია. მარკეტინგს და ქვეყნის პოპულარიზაციას რაც შეეხება - უმთავრესად სწორი დრო და სწორი პოზიციონირება სჭირდება.

როგორც ყოველთვის, კერძო სექტორთან ერთად შევჯერდებით სწორ დროს სწორი სტრატეგიის ამოქმედებაზე და ამ თემებზე კიდევ უფრო მეტს ვუსაუბრეთ ღიად და ერთად. 

ახლა მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ჩვენი ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე რომელიც ასე დივერსიფიცირებულია - ჩვენი გიდები, სასტუმროები, ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესი, ღონისძიებების ორგანიზატორები თუ სხვა.

ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მთავარია დავრჩეთ სახლში და არ ვიყოთ უნებლიე ვირუსის იმპორტიორები ან გამავრცელებლები. ამ ყველაფრის შემდგომ, ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მოგზაურიებისთბის მთავარი უსაფრთხოების ინდექსი და მთავრობების სწორი გატარებული პოლიტიკა იქნება რაშიც საბედნიეროდ, საერთაშორისო არეალზე მოწინავეა საქართველო", - ნათქვამია ადმინისტრაციის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები