ლაშა პაპაშვილი ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების საკითხში ჩართვისკენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მოუწოდებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა BM.GE-ისთან განაცხადა.
მან განმარტა, რომ მისი კრიტიკა არამხოლოდ ეროვნულ ბანკს, არამედ რიგ შემთხვევაში ხელისუფლებასაც ეხება. ლაშა პაპაშვილის შეფასებით, დღეს მსხვილი ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია, რადგან იაფ ფულზე წვდომა არ აქვს, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„როდესაც ვითხოვ მსხვილი ბიზნესისთვის კრედიტების გაიაფებას, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მოსახლეობა არ გავიდეს ქვეყნიდან, ამაში ვთხოვ და მოვუწოდებ ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს, რომ ჩაერთონ. პირდაპირ მათი გადასაწყვეტია... გუნდის გადასაწყვეტია, ერთი კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. თუ იქნება ამაზე მოთხოვნა, ეს საკითხი გადაწყდება და კრედიტები გაიაფდება. ბანკების საკეთილდღეოდ არ ვიძახი, ბანკები თავის თავს მოუვლიან, არიან წარმატებულები, მომგებიანები და ასე გააგრძელებენ... ბიზნესს აქვს ცუდად საქმე, მსხვილ ბიზნესს განსაკუთრებით - კრედიტები არ არის, არ იშოვება იაფი ფული.
მოთხოვნა <მინიმალური სარეზერვო ნორმის შემცირება> დაყენებულია და წლის ბოლომდე ეს დასრულდება - უნდა შემცირდეს მინიმალური სავალდებულო რეზერვები ბანკებისთვის და მსხვილი ბიზნესისთვის დაკრედიტებაზე კაპიტალის ბუფერები უნდა მოიხსნას“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ამავე თემაზე: „თუ რეალური ეკონომიკური ზრდა გვინდა, ბანკების სარეზერვო მოთხოვნები უნდა განულდეს“ - პაპაშვილი