მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ "ბორჯომის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა

637b66988fd5a
ვიქტორია მღებრიშვილი
21.11.22 15:50
1241
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ "ბორჯომის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საბჭოში ასევე დამკვირვებელ წევრად სამინისტროს თანამშრომელია დანიშნული.

„ჩვენი მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა. ეს ადამიანი კერძო სექტორში მუშაობის დიდ გამოცდილებას ფლობს. ასევე ჩვენ დირექტორთა საბჭოში სამინისტროს თანამშრომელი გვყავს დამკვირვებელი წევრის სტატუსით, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული გამოცდილება და ანალიტიკური უნარები“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო, ერთი მხრივ, "ბორჯომის" პრობლემების მოგვარებაში და მეორე მხრივ, "ბორჯომის" გრძელვადიანი განვითარების კუთხით აქტიურად არის ჩართული. მინისტრმა ამის გამომწვევი მიზეზებიც განმარტა და თქვა, რომ ამგვარად სახელმწიფო „ბორჯომის“ ბრენდის საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენას უწყობს ხელს. მან ისიც აღნიშნა, რომ დღეისთვის „ბორჯომი“ საქართველოსა და ყველა იმ ბაზარზეა წარმოდგენილი, სადაც მას სანქცირების გამო პრობლემები შეექმნა.

„ბორჯომს ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული, იცით რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ძირითად მარეგულირებლებთან იყო შეთანხმებული და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპანიამ ძირითად ბაზრებზე ოპერირების აღდგენა მოახერხა და დღეს ის სრულად ფუნქციონირებას საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე სადაც პრობლემები ჰქონდა შექმნილი, თუმცა გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია ჰოლდინგური კომპანიის დღის წესრიგშია. ეს იმისთვის არის საჭირო რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს ადექვატური, მოქნილი და მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს რომელიც დღევანდელი მდგომარეობიდან შეიქმნა.

ეს პროცესი მიმდინარეობს და მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება, თუმცა ოპერატიულ მართვაში ჩართულები არ ვართ. ამას კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა ახორციელებს, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები სხვა აქციონერებთან ერთად სახელმწიფოსთანაც თანხმდება ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბორჯომის სტრატეგიული ბრენდის ინტერესები კიდევ უფრო მეტად დავიცვათ და კიდევ უფრო ძლიერად იყოს ბორჯომი როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი; მეორე ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა მინისტრმა.


ცნობისთვის: 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით არის წარმოდგენილი, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია და მას წარმმართველი როლი აქვს. ეკონომიკის მინისტრის ივლისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ბორჯომში დანიშნული პირი დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მისი შერჩევისას გადაწყვეტილება კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად უნდა მიღებულიყო. 

ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარიგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო შედის, ორი დოკუმენტისგან შედგება: „ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით კი, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის პარტნიორთა შეთანხმებაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები