მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

61aba7da8c03d
BM.GE
04.12.21 21:33
1165
შრომის ინსპექციის სამსახური ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ღამის კლუბებს მოუწდებს არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, რადგან  წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა, თუ დალუქვის სახით.

"მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტის კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის ღამის კლუბების ასოციაციასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის საკითხები. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც მწვანე პასპორტებთან ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას.

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი მხრიდან აქტიურად მიეწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ივენთების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებას.

სწორედ ამიტომ, შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთული ეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მერიის, ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით გრძელდება მუშაობა უსაფრთხოების სექტორულ პროტოკოლზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს.
სექტორული რეკომენდაციის/პროტოკოლის დამტკიცების შემდგომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სექტორის ფუნქციონირების განახლება.

შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" აკრძალული ღონისძიების გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმა და დალუქა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები