მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვინც გადავა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება“ - პრემიერი “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს

60ab5806c20bb
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.21 11:35
1062
საქართველოს პრემიერი-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ აშენების მოწინააღმდეგეების მიერ დაანონსებული პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი 90-იანი წლების გადმონაშთია და სახელმწიფოს კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაქცია ექნება.

„ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია. ჩვენ კარგად გვახსოვს, ბნელი 90-იანების პერიოდი, როდესაც ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ა.შ. „კარგი სპეციალისტი“. რა მივიღეთ? მოგეხსენებათ, ეს იყო სამოქალაქო ომი. დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, დავშალეთ ქარხნები და ფაბრიკები. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც მოხდა, რაც ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. მე მინდა ყველა ამ ადამიანს მივმართო და გონიერებისკენ მოვუხმო. სახელმწიფო კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში იმართება, ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს რუსთაველის გამზირზე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები