მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვოლტში“ პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფებთან შეხვედრისთვის მზად არიან - კომპანიის პასუხი

63fcb42434366
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.23 17:58
810
მიტანის სერვისის კომპანია „ვოლტის“ პარტნიორი კურიერები პირველ მარტს მორიგ საპროტესტო აქციას აანონსებენ. პარტნიორი კურიერების ინფორმაციით, „ვოლტის“ კურიერები თითოეულ კილომეტრზე თანხის 20 თეთრით მომატებას და საბაზისო თანხის 3.5 ლარამდე გაზრდას, ასევე „ვოლტის“ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან კოლექტიურ შეხვედრაზე დათანხმებას ითხოვენ.

BM.GE-ი დაინტერესდა, სად ხედავენ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მიტანის კომპანია „ვოლტში“ და ახდენს თუ არა კომპანიაზე გავლენას პარტნიორი კურიერების პერიოდული გაფიცვები. როგორც „ვოლტში“ აცხადებენ, კომპანიის გენერალური მენეჯერი პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფებთან აღნიშნული საკითხების განხილვის მიზნით შესახვედრად მზად არის და რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა კიდევაც.

„ვოლტის“ გენერალური მენეჯერი პირადად ესაუბრა კურიერებს და მცირე ჯგუფებთან შეხვედრა შესთავაზა. ამის მიზეზი საკონფერენციო სივრცის ქირაობაზე უარის თქმა არ არის. მიგვაჩნია, რომ მსგავს შეხვედრაზე 200-მდე ადამიანის დასწრება შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული.

ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ფორმატი. შესაძლებლობა მივეცით აირჩიონ შეხვედრის თარიღი და მათთვის სასურველ დროს, სამუშაო დღეებში, ჯგუფურად შევხვდებით პარტნიორ კურიერებს. "ვოლტის" შეთავაზება ძალაში რჩება. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ყველა პარტნიორ კურიერს და განვიხილოთ მათთვის საინტერესო საკითხები. პარტნიორი კურიერების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დააფიქსირა მათი პოზიცია და განვიხილეთ სამომავლო გეგმებიც“, - აცხადებენ კომპანიაში და იმასაც დასძენენ, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი კომპანიის პარტნიორი არ არის, შესაბამისად, ფართო შეხვედრის ფორმატში გარეშე პირების დასწრების პირობებში თანამშრომლობის დეტალების განხილვა ვერ მოხდება.

„ვოლტში“ ამბობენ, რომ ისინი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატთანაც თანამშრომლობენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანიაში აცხადებენ, რომ გარკვეული გადაწყვეტები უკვე მიღებულია.

„აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი პრობლემა გავლილი მანძილის დათვლისას არსებული ცდომილება იყო. ამ პრობლემაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და დღეს google maps-ის სისტემა უკვე დანერგილია და ახალი სისტემა ტესტირების რეჟიმშია. გვაქვს უკუკავშირიც მცირე ცდომილებებთან დაკავშირებით და სწორედ ამ უკუკავშირის მიხედვით ვაგრძელებთ შესწორებას. გარდა ამისა, ბოლო თვეებში, ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვაზეც ვმუშაობდით. ესეც 15 თებერვლიდან გააქტიურდა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ანაზღაურება არ შეგვიმცირებია. აღნიშნული სისტემით, პარტნიორ კურიერს აქვს შესაძლებლობა, წინასწარ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ანაზღაურებას აიღებს კონკრეტული შეკვეთის შესრულების შემთხვევაში. მას ასევე შეუძლია, დაეთანხმოს, ან უარი თქვას ამა თუ იმ შეკვეთის შესრულებაზე, თუნდაც იმ მიზეზით, თუ მისთვის ანაზღაურების ოდენობა მისაღები არ არის.

ასევე, იყო გარკვეული კითხვები დაზღვევასთან დაკავშირებითაც. ეს კითხვები, სხვათაშორის, ჩვენ მიერ ჩატარებულ შეხვედრებზეც გაჟღერდა. რადგან დავინახეთ, რომ პარტნიორ კურიერებს არ აქვთ დაწვრილებით ინფორმაცია მათი დაზღვევის შესახებ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დეტალურად ავუხსნათ ეს საკითხიც და ყველა პარტნიორ კურიერს გაცნობითი ხასიათის ინფორმაცია გაეგზავნება. გვინდა, განვმარტოთ, რომ „ვოლტი“ არ არის მზღვეველი კომპანია. ხელშეკრულება დაზღვევის შესახებ ფორმდება პარტნიორ კურიერსა და სადაზღვევო კომპანიას, ამ შემთხვევაში, 2022 წლის სექტემბრამდე დამდგარ შემთხვევებში კომპანია “ალდაგს” და მას შემდგომ “ჯიპიაი ჰოლდინგს” შორის. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სწორედ სადაზღვევო კომპანიაა“, - განმარტავენ კომპანიაში.

კითხვაზე - ზარალდება თუ არა კომპანია პარტნიორი კურიერების მხრიდან პერიოდული გაფიცვებით, „ვოლტში“ აცხადებენ, რომ დღეისთვის საქართველოს ხუთ ქალაქში 7000-მდე აქტიური პარტნიორი კურიერი ჰყავს, შესაბამისად პარტნიორი კურიერებს არ იმატებენ და კომპანიაც შეუფერხებლად მუშაობს.

„რაც შეეხება არეალის შეზღუდვებს, მიტანის სერვისი საპროტესტო აქციის დღეებშიც არ გაგვითიშავს. შევზღუდეთ მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც საპროტესტო აქციები იყო დაანონსებული. ჩვენთვის სარისკოა სამუშაოდ პარტნიორი კურიერების გამოჩენა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ტარდებოდა. მოსალოდნელი იყო მათ მიმართ აგრესიული განწყობის გამოხატვა საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან. რადგან ჩვენთვის ჩვენი პარტნიორი კურიერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესია, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება მიღებული პრაქტიკაა საპროტესტო აქციების, მარათონების და სხვა მსგავსი აქტივობების დროს. ჩვეულებისამებრ, შეუფერხებლად გრძელდება პარტნიორობა რესტორნებთანაც. ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 5 თებერვლიდან დღემდე, და ეს ის თარიღია, როდესაც პროტესტის ტალღა დაიწყო, "ვოლტის" პლატფორმიდან არცერთი კურიერი არ დაბლოკილა პროტესტში მონაწილეობის გამო. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს პროტესტი ნებისმიერ საკითხზე. თუმცა, ცხადია, ეს არ უნდა გადაიზარდოს კოლეგების ბულინგსა და დაშინებაში, რაც, ჩვენი ინფორმაციით, რამდენჯერმე დაფიქსირდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ვოლტში“ პარტნიორ კურიერებთან დადებულ სერვისის ხელშეკრულების უპირატესობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის შრომით ხელშეკრულებასთან შედარებით უფრო პრაქტიკულია, რადგან „პარტნიორ კურიერებს საშუალება აქვთ, სამუშაო დღე დაიწყონ და დაასრულონ მაშინ, როცა ეს თავად უნდათ. არაა საჭირო, ვინმეს შეუთანხმონ, კვირის რომელ დღეებში, ან დღის რომელ მონაკვეთში შეასრულებენ შეკვეთებს, ან გადაწყვეტენ დასვენებას. ამ კუთხით, სრული თავისუფლება აქვთ. ასევე, აქვთ არჩევანი, დაადასტურონ ან უარი თქვან ნებისმიერ შეკვეთაზე. ისინი წინასწარ არიან ინფორმირებულები, რა ანაზღაურებას მიიღებენ კონკრეტული შეკვეთის განხორციელებაში და შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებასაც. არ აქვთ განსაზღვრული დღის განმავლობაში მინიმალური, ან მაქსიმალური შეკვეთების ოდენობაც. შეკვეთის მიტანისას, მარშრუტიც შეუძლიათ თავად აირჩიონ. ანაზღაურება, თავისთავად, მიბმულია მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე. გვყავს პარტნიორი კურიერები, რომლებიც ანაზღაურების სახით რამდენიმე ათას ლარს იღებენ და არიან ისეთებიც, ვისაც ნაკლები გამოსდით. ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პარტნიორი კურიერების მიერ შესრულებული შეკვეთების რაოდენობასა და სირთულეზე“, - აღნიშნავენ კომპანიში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები