მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზიანის შემცირების სტრატეგია, როგორც სიცოცხლის გადარჩენის გზა - რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში?

61f7c3551cf52
BM.GE
31.01.22 15:03
1022
დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების - ნარკოტიკული საშუალებების, თამბაქოსა და ალკოჰოლის - მოხმარების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 11.4 მილიონი ადამიანი იღუპება.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა დიდ ნაწილს გაცნობიერებული აქვს მავნე ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები, მათი დიდი ნაწილი ვერ ახერხებს დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.

სწორედ ამიტომ, სამეცნიერო სფეროებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზიანის შემცირების სტრატეგია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, შეამცირონ მავნე პროდუქტების მოხმარების შედეგად საკუთარი ორგანიზმისთვის, გარშემომყოფებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.

ზიანის შემცირების სტრატეგიას აქტიურად მიმართავენ საქართველოშიც.

ზიანის შემცირება და ნარკოდამოკიდებულება

2019 წელს მსოფლიოში ოპიოდური ნივთიერებების მომხმარებელთა რაოდენობა 62 მილიონს უტოლდებოდა.. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 500 000 ადამიანი იღუპება. ფატალური შემთხვევების 70% ოპიოდური ნივთიერებების მოხმარებას, 30% კი ზედოზირებას უკავშირდება.

ნარკოტიკული ნივთიერებების ინექციური გზით მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში, 2016 წლის მონაცემების თანახმად, 52 500-ს უტოლდება.

ნარკოტიკულ ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად მიმართავენ ზიანის შემცირების სტრატეგიას, რომლის მიზანია, მოახდინოს ნარკომომხმარებლებში B და C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ვირუსისა და სგგი-ს გავრცელების პრევენცია და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობის შემცირება.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოში მოქმედებს ნარკომომხმარებლებისთვის ზიანის შემცირების სერვისები, რაც ჩანაცვლებით თერაპიას გულისხმობს.

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში ხდება ნარკომომხმარებლებისთვის ოპიოდური ნივთიერებების მეტადონითა და სუბქსონით (ედნოკი) ჩანაცვლება, რაც ნარკოდამოკიდებულ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინოს ზედოზირების პრევენცია.

ზიანის შემცირების პროცესში ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზედოზირების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის - ნალოქსონის ხელმისაწვდომობას, რომელიც ჯანმოს მიერ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო საშუალებების სიაში არის შეტანილი. საქართველოში სპეციალურად ზიანის შემცირებისკენ მიმართული ორგანიზაციების მიერ ნალოქსონის დისტრიბუცია ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის 2009 წლიდან ხორციელდება. თუმცა, პრეპარატის მოხმარება საქართველოში შეზღუდულია და ის მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

ზიანის შემცირება და შიდსი

ჯანმოს განცხადებით, მსოფლიოში 11 მილიონი ადამიანი ნარკოტიკულ საშუალებებს ინექციის გზით იღებს. ინექცია კი აივ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ გზას წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, 8-დან 1 მომხმარებელი აივ ვირუსით არის დაავადებული.

აივ ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებისათვის, ასევე ეს პრობლემა აქტიურად განიხილება საქართველოშიც.

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლისთვის ქვეყანაში 9 124 აივ ინფიცირებული პირი იყო რეგისტრირებული, რომელთა 35.5% ნარკოტიკებს ინექციურ გზით მოიხმარდა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში მოქმედებს ,,ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდების“ პროგრამა, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის სტერილური შპრიცებით უფასო უზრუნველყოფას, რათა არ მოხდეს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელება.

ნარკოტიკების მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელების პრევენციისკენ მიმართული პოლიტიკის შედეგად, მხოლოდ საქართველოში, შესაძლებელი გახდა ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

აღსანიშნავია, რომ ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიაც, თუმცა საქართველოს საკანონმდებლო და ჯანდაცვის ინსტიტუტები არ აღიარებენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ეფექტურობას.

თამბაქოს მოხმარება და ზიანის შემცირების სტრატეგიის ეფექტურობა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 800 000 მწეველია თამბაქოს მოხმარების შედეგად კი ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. ფატალური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მომხმარებელს მხოლოდ ერთ მიდგომას - მოწევისთვის თავის დანებებას სთავაზობს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მწეველთა 70% ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას.

ტრადიციულ მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, იაპონია, აშშ, შვედეთი და სხვა, აქტიურად ახდენენ ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციას და ხელს უწყობენ მწეველთათვის თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. რაც შესაძლებელს ხდის მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარი ინსტრუმენტებია: ნიკოტინის შემცველი პლასტერები, ნიკოტინის საღეჭი რეზინები და თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები - სნუსი, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები და ელექტრონული სიგარეტები.