საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება მიმდინარე წლის 1 მარტიდან იგეგმება. ეს მას შემდეგ, რაც ამ პლატფორმის სრულად ამოქმედება 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი.
როგორც ამ პლატფორმის ხელმძღვანელმა "საქმიანი დილის" ეთერში განმარტა, ამ კუთხით მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და პლატფორმა სრულიად მზად არის სავაჭრო პროცესისთვის, თუმცა გარკვეული გამოწვევები ისევ რჩება.
"ჩვენი ამოცანაა, რომ 1 მარტისთვის, როცა ბაზრის გაშვებაა დაგეგმილი, მზად ვიყოთ. რა გავაკეთეთ ამ გადავადებული ორი თვის განმავლობაში? – ჩვენ გავაგრძელეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა. პრაქტიკულად ყველა სამუშაო დასრულებულია, ტექნიკური თვალსაზრისით ეს პლატფორმა გამართულია, სატესტო რეჟიმში მუშაობს. ბაზრის მონაწილეების დიდი ნაწილი და განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც ევალებათ ბირჟაზე ვაჭრობა, მზად არიან და განაცხადებს აკეთებენ. ახლა ვაგრძელებთ ყოველდღიურ ვაჭრობას, გვექნება ჩამოყალიბებული ფასი და შემდეგ ეს ეცნობება მონაწილეებს. ანუ სრული ციკლი იტესტება – დაწყებული განაცხადის განთავსებიდან, დასრულებული ფინანსური შედეგით.
ამ ბირჟაზე ვაჭრობის კუთხით, ბევრი შიშია გამოთქმული ბაზრის მონაწილეების მხრიდან და ერთ–ერთია ის, რომ იმპორტმა შეიძლება ფასი დაწიოს. ეს არის ჩემი აზრით, ერთ–ერთი ყველაზე უსაფუძვლო შიში. ჩემი შიში სხვა მიმართულებით ვითარდება, რომ იმპორტმა გაუმართლებლად არ გაზარდოს ელექტროენერგიის ფასი, თორემ ფასი რომ დაწიოს, ასეთი მოლოდინი არ მაქვს. მით უმეტეს, როცა გვაქვს იგივე "ენგურჰესი" და თბოელექტროსადგურები. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდები, თუმცა ტრანსასაზღვრო ვაჭრობის წესები და იმპორტიორების ვაჭრობის წესები არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო და კრიტიკული საკითხი ამ მოდელში. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება, რადგან ჩვენ რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი და მეზობლად გვყავდეს ევროპული სახელმწიფოები, მათთან ჰარმონიზებული კანონმდებლობით, ეს პროცესი უფრო მარტივად ჩაივლის, მაგრამ ჩვენ გვყავს 4 მეზობელი, განსხვავებული რეალობითა და კანონმდებლობით, ამიტომ ცოტა რთულია, ამ ჩვენს ევროპულ მოდელს მოერგოს ჩვენი მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობა, თუ არ ჩავთვლით თურქეთს, რომელსაც მსგავსი კანონდებლობა აქვს და ამიტომ მგონია, რომ თურქეთი ძალიან აქტიურად უნდა განვიხილოთ, მათ შორის, ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით", – განმარტა ირინა მილორავამ
ბირჟის ხელმძღვანელმა ასევე ინვესტორების იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც ამ პლატფორმაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის კვლავ გადავადებას ითხოვს.
"ზოგადად, ეს არის იმ მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმა, რომ ყველას შიში გასაგებია. ჩვენ გადავდივართ ძალიან კონსერვატიული ბაზრიდან დერეგულირებულ, კონკურენტულ ბაზარზე.
დღეს ვიცით ზუსტად, როგორ ყალიბდება ბაზრის ფასი, ვიცით, მაგალითად ზამთარში რა შეიძლება იყოს საბაზრო ფასი, მაგრამ არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა, რა იქნება საბაზრო ფასი მომავალში, რადგან ეს დამოკიდებულია თავად მონაწილეებზე, ამიტომ მათი შიშები აბსოლუტურად გასაგებია. რაც შეეხება გადავადებას, როცა ამაზე ვსაუბრობთ, გადავადების დროს მთავრობა, მარეგულირებელ კომისიასთან ერთად არ იღებს მხედველობაში მხოლოდ ჩვენს მზადყოფნას, სისტემის კომერციული ოპერატორის, ან საბალანსო ბაზრის ოპერატორის მზადყოფნას, ისინი უყურებენ დიდ სურათს, მათ შორის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ინფლაციას და ა.შ. ამიტომ მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი და ამაზე (ბირჟაზე ვაჭრობის გადავადებაზე), არ დავმალავ, მიდის საუბარი და ღია ეთერებით ბაზრის მონაწილეები ითხოვენ ამ პროცესის გადავადებას.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომელსაც ბაზრის მონაწილეები აჟღერებენ, თუ რატომ უნდა გადავადდეს, რომ უფრო მეტად დავაკვირდეთ საბაზრო ფასს, ეს არგუმენტი არ არის საფუძვლიანი, იმდენად რამდენადაც სატესტო რეჟიმში ჩამოყალიბებული ფასი არ შეიძლება გახდეს ინდიკატორი მომავალი რეალური ბაზრის ფასისა. ამიტომ უფრო სხვა არგუმენტს მივაშველებდი, რომ ჩვენ შეიძლება გავიაროთ რთული სეზონი, იგივე ზამთრის თვეები, როცა ამ წუთას „ენგურჰესი“ არ გვაქვს იმ მოცულობით ხელმისაწვდომი, როგორც გვინდა გვქონდეს. რეზერვების არასაკმარისობა ერთ–ერთი პრობლემაა. ეს არის ის რეზერვი, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში სისტემის დაბალანსება უნდა მოხდეს და „ენგურჰესის“ ხელმიუწვდომლობის ფონზე, ეს არის პრობლემა.
ჩვენი ამოცანაა, რომ იმ დედლაინისთვის, რაც განსაზღვრულია, 1 მარტისთვის ვიყოთ სრულ მზადყოფნაში და გიდასტურებთ, რომ მზადყოფნაში ვართ", – განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება თავდაპირველად 2021 წლის 1 ივლისს, შემდეგ კი, 2022 წლის 1 იანვარს იგეგმებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას